ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელად და დირექტორად ალკის ვრიენიოს დრაკინოსი დაინიშნა. დრაკინოსმა თანამდებობაზე ბიორლინ ჰანსენსი ჩაანაცვლა, რომელიც კიშინიოვში, EBRD-ის მოლდოვის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის როლს შეითავსებს.
დრაკინოსი მუშაობას თბილისის ოფისში დღეიდან შეუდგა. EBRD-ის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბანკის ოპერაციებს უხელმძღვანელებს და სამივე ქვეყნის ხელისუფლებასთან და ბაზრის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მიმართულებით იმუშავებს. ამავდროულად, დრაკინოსი, EBRD-ის სტრატეგიის შესაბამისად, ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კერძო სექტორისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინვესტიციების, პოლიტიკის დიალოგის რეფორმების, მცირე ბიზნესის დაფინანსებისა და საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით.
დრაკინოსის განცხადებით, კავკასიის მხარდაჭერა ბანკის წამყვან პრიორიტეტებს შორისაა და რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს შემდგომი განვითარებისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის. „მოხარული ვარ კავკასიის რეგიონში დაბრუნებით და საინტერესო მანდატის მიღებით, რომელიც საშუალებას მომცემს ჩემი წარსული გამოცდილება გამოვიყენო. მოუთმენლად ველი EBRD-ის ადგილობრივ გუნდებთან მუშაობას, რათა ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – დასძინა დრაკინოსმა.
ბერძნული წარმოშობის ალკის ვრიენიოს დრაკინოსი ბანკს პირველად 1993 წელს, საბერძნეთში, EBRD-ის საბჭოს დირექტორის მრჩევლად შეუერთდა. 1995 წელს ფინანსური ინსტიტუტების გუნდში გადაინაცვლა, ხოლო 1998 წელს ერევანში, სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი გახდა.
12 წლის განმავლობაში, KPMG-ში, ევრობანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკში მუშაობის შემდეგ, 2012 წელს თურქმენეთის ოფისის ხელმძღვანელად კვლავ EBRD-ში დაბრუნდა, ხოლო 2015 წელს, საბერძნეთის ხელმძღვნელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2017 წელს, უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორად დაინიშნა, სადაც €3 მილიარდზე მეტის ღირებულების 100-ზე მეტ პროექტს ხელმძღვანელობდა.
დღემდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა კავკასიის რეგიონში, 680 პროექტში, €10 მილიარდზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. დაფინანსების დიდი ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, დამატებით კი, ფინანსური, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორების განვითარებაზე გადანაწილდა.