ფოტო: NYT
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადებასა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხებაში. აღსანიშნავია, რომ პროკურორები საქმეზე სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ითხოვდნენ.
მოსამართლის განცხადებით, იუნი შეთქმულებას აწყობდა თავის მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან, კიმ იონგ-ჰიუნთან ერთად, რათა პარლამენტში ჯარების განლაგებით კონსტიტუციური წესრიგი დაერღვია და მისი ფუნქციების პარალიზება მოეხდინა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტში შეიარაღებული ჯარების გაგზავნა… და აღჭურვილობის გამოყენება დაპატიმრებების მცდელობისთვის, ეს ყველაფერი წარმოადგენს ამბოხის აქტებს“, – თქვა მან სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის სახელით. იუნმა 2024 წლის 3 დეკემბერს დანაშაულებრივ ქმედებებში ჩაითრია რიგი ოფიციალური პირები და ჯარები და „საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, გაღებულ იქნა უზარმაზარი სოციალური ფასი“, – დასძინა მოსამართლემ.
იუნ სუკ იოლთან ერთად განაჩენი გამოცხადდა შვიდი სხვა ბრალდებულისთვის, მათ შორის კიმისთვის, ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის, რომელსაც 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
Reuters-ის ცნობით, იუნის დაცვის გუნდი მასთან ერთად განიხილავს, გაასაჩივროს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, იუნ კაბ-კეუნმა, განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მტკიცებულებებზე დაყრდნობის ძირითადი იურიდიული პრინციპი სრულიად უგულებელყო.
რაც შეეხება ყოფილ თავდაცვის მინისტრს, კიმის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის განაჩენს „რა თქმა უნდა, გაასაჩივრებს“.










