სამმხრივი ალიანსი: თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი

სამმხრივი ალიანსი: თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი შეიქმნა. რამდენიმე მათგანი, ისეთი როგორიც არის „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ მხოლოდ ნომინალურად არსებობს. გუამი, კიდევ ერთი რეგიონალური გაერთიანება, რომელიც შავი ზღვის ქვეყნებსა და აზერბაიჯანს მოიცავს, ხელახლა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ ამ ბოლო დროს გამოვიდა. ცენტრალურ აზიაში 1990-2000-იან წლებში ქვეყნებს შორის ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, ძირითადად, გადაულახავ დაბრკოლებებს აწყდებოდა ცალკეული პოლიტიკური ფიგურებისა (ერთ-ერთი მათგანი უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი იყო) თუ საგარეო ძალების ჩარევის გამო. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ სამხრეთი კავკასია – რეგიონი, სადაც რამდენიმე სეპარატისტული კონფლიქტია და მრავალი რეგიონალური ძალის ინტერესი – ის ტერიტორია გახლავთ, სადაც მოხერხდა ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და უკვე სამხედრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

უფრო მეტიც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ქალაქ ბათუმში 2012 წელს სამმხრივ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, ურთიერთობები სამ ქვეყანას შორის საგრძნობლად გაღრმავდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით. თავდაპირველი მიზანი სამხედრო კავშირების გაღრმავება იყო, რაც 2017 წლისთვის ნამდვილად თვალში საცემია. ამ ხუთი წლის განმავლობაში მრავალი ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩატარდა, ხოლო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

სამი ქვეყნის სამხედრო მინისტრების ბოლო შეხვედრა 2017 წლის 25 მაისს ბათუმში ჩატარდა. ქვეყნებს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გამოიცადა იმ უარყოფითი ფონით, რომელიც ამ დროს საქართველოს გარშემო იყო შექმნილი. რამდენიმე კვირის ფარგლებში თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს მთავრობისგან ეთნიკური თურქისა თუ აზერბაიჯანელის დაკავება მოითხოვეს.

თუმცა ანკარა-თბილისი-ბაქოსთვის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე უფრო წინ დგას, რადგან თითოეულ ქვეყანას, რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთმანეთი ესაჭიროება. სამხედრო თანამშრომლობა, თუმცა არცთუ ისე ამბიციური, რომ რუსეთის მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვიოს, რკინიგზები და ნავთობსადენები – ეს არის ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებულ პატარა უთანხმოებებს გადაფარავს.

25 მაისის შეხვედრის დროს თურქეთის სამხედრო მინისტრმა ფიქრი იშიქმა აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას სამაგალითო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა და რომ ახალი პროექტები სამმხრივი მინისტრთაშორისი ფორმატის ფარგლებში განხორციელდება.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმა ქვეყნებს შორის სამმხრივ თანამშრომლობას და იმედი გამოთქვა, რომ მისი მეტად გაღრმავება მოხერხდებოდა. მსგავსი განცხადებები გაკეთდა აზერბაიჯანის სამხედრო მინისტრ ზაქირ ჰასანოვის მიერაც.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ცვალებადი და არასტაბილური რეგიონალური პოლიტიკური ვითარებაა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის, თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. სამმხრივი ალიანსი საინტერესოა იმითაც, რომ ის შედგება ნატოს წევრ თურქეთისგან, პროდასავლური საქართველოსგან და აზერბაიჯანისგან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ახერხებს, თავი აარიდოს რომელიმე დიდ ეკონომიკურ თუ სამხედრო ალიანსში (მაგალითად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი) გაწევრიანებას.

სამი ქვეყნისთვის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა იმითაც მტკიცდება, რომ, მთავრობებისა და კონსტიტუციების შეცვლის მიუხედავად (როგორც ეს საქართველოში 2012 წელს, ხოლო თურქეთში 2017-ში მოხდა), ფორმატმა წარმატებით გააგრძელა თავისი არსებობა. უფრო მეტიც, რუსეთთან ურთიერთობაც კი ვერ ახდენდა გავლენას სამმხრივ თანამშრომლობაზე. მაგალითად, როდესაც 2016 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გამძაფრდა სირიის ცაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ამან არ იქონია რაიმე გავლენა თურქეთის საქართველოსთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სამი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და სამხედრო თუ ეკონომიკური პოტენციალი მკვეთრად განსხვავდება, თანამშრომლობა ბაქოს, თბილისსა და ანკარას შორის მხოლოდ განმტკიცდა. თითოეული ხედავს, როგორ სჭირდებათ ერთმანეთი. თურქეთს სურს უფრო სტაბილური საქართველო მეტად გაღრმავებული ეკონომიკური და ენერგოურთიერთობებისთვის. აზერბაიჯანს, მთიანი ყარაბაღის გარშემო მეტად არასტაბილური მდგომარეობის გამო, მოკავშირედ ესაჭიროება თურქეთი. თბილისისთვის კი, რომელიც რუსეთისგან სამხედრო წნეხს განიცდის, ესაჭიროება როგორც აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი საკუთარი ტრანზიტული სტატუსის ასამაღლებლად/შესანარჩუნებლად და მათი სამხედრო პოტენციალის გამოსაყენებლად. უფრო მეტიც, ორივე ქვეყანა საქართველოს უმთავრეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად ითვლება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამივე ქვეყანა არ არის გაერთიანებული რომელიმე საერთო მტრის გამო. თუმცა სამივე გრძნობს, როგორი წნეხის ქვეშ არიან რუსეთისგან იქნება ეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში თუ სირიაში. აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებიც კი არ არის იდეალური ამ ბოლო დროს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ რუსეთმა არ მისცა უფლება რუსეთში მცხოვრებ აზერბიაჯანელებს მოეწვიათ თავიანთი კონგრესი. ბაქომ მძაფრად გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და ბევრისთვის ეს მკაფიო ნიშანი იყო მოსკოვიდან, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არ არის იდეალურ მდგომარეობაში.

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ხანგრძლივობისა და გამტანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი საერთო ინტერესები და გეოპოლიტიკური გამოწვევებია. ეს კარგად ჩანს იმაში, რომ სამივე ქვეყანას ნაკლებად ანაღვლებს თავისი განსხვავებული რელიგიები, საგარეო პოლიტიკური ვექტორები და ა.შ. სამივესთვის ნათელია, რომ ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიან და რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი (შიდა პრობლემები, საგარეო ზეწოლა ა.შ.) არსებული სამმხრივი ფორმატის გასაძლიერებლად. სხვა სიტყვებით, სამი ქვეყნისთვის ენერგო- და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟურნალისტებისა და მასწავლებლების გარშემო შექმნილი სკანდალი.

თუ გაძლიერებული რუსეთი რეგიონში შესაძლოა, 2012 წლიდან ალიანსის რელევანტურობის შენარჩუნების ერთ-ერთი ფაქტორი ყოფილიყო, სანქციებისგან გათავისუფლებული ირანი ასევე შეიძლება იყოს კიდევ ერთი ძალა, რომლის შეკავებაზეც იქნება ორიენტირებული თურქეთი საქართველოსა და აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ირანს სანქციები 2016 დასაწყისში მოეხსნა და დღეისთვის აშშ, მიუხედავად რიტორიკისა, ირანთან საკუთარი დამოკიდებულების რადიკალურად შეცვლას არ გეგმავს. ეს კი ირანს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით საკუთარი გავლენის გავრცელების საშუალებას აძლევს.

ეს, თავის მხრივ, უნდა აწუხებდეს თურქეთს. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში ირანთან თანამშრომლობის წინააღმდეგი იქნება. ანკარის გადმოსახედიდან ირანის აქტივობა რეგიონში (გაზისა და ნავთობის გატანა ფოთსა და ბათუმამდე) უნდა ხდებოდეს მხოლოდ არსებული (თურქეთის მიერ აგებული) რკინიგზებითა და ნავთობსადენებით. ასე მაგალითად, წმინდა გეოპოლიტიკური ხედვით, ანკარას არ უნდა აწყობდეს თეირანის გეგმები, ააგოს თითქმის $3 მილიარდზე მეტი ღირებულების რკინიგზა სომხეთის გავლით საქართველოში.

ზუსტად ეს გეოპოლიტიკური აზროვნება იყო და არის არასტაბილურ სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი თანამშრომლობის ხანგრძლივობის გასაღები. მართალია, სამივე ქვეყანას დღესდღეობით ალბათ არ გააჩნია რამე კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გააძლიერონ სამხედრო თანამშრომლობა და ჯერ კიდევ არ არსებობს ჩამოყალიბებული მექანიზმი, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ საგარეო საფრთხეს, რომელიც შეიძლება მათ საერთო ინფრასტრუქტურას დაემუქროს; თუმცა სამმხრივმა ფორმატმა სამი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების თანხვედრა დაამტკიცა. სამივეს კარგად ესმის, რომ არ უნდა წარმოადგინონ თავი ანტირუსულ ალიანსად, არამედ გამოიყენონ თავიანთი მჭიდრო თანამშრომლობა არსებული ეკონომიკური და ენერგოკავშირების გასაძლიერებლად.