სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.4%-ით გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.4%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.4%-ით.

2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 6.5%-ით გაიზარდა, რაც 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა ჯამური ინდექსის ზრდაზე.

ამავე პერიოდში, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფის ფასები გაიზარდა 0.9%-ით, რამაც 0.7 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებას. ამ კატეგორიაში განსაკუთრებულია კვების პროდუქტების ფასების 1.7%-იანი ზრდა, რომელიც ინდექსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში — ფასები აქ 0.1%-ით შემცირდა, რის შედეგადაც აღნიშნულმა კატეგორიამ -0.02 პროცენტული პუნქტით შეამცირა თვის ჯამური ინდექსის ცვლილება.

ბოლო 12 თვის განმავლობაში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია სამთო-მოპოვებით, დამამუშავებელ და ენერგეტიკულ სექტორებში.

სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფში ფასები 17.9%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.13 პროცენტული პუნქტით აისახა. განსაკუთრებით გაიზარდა ლითონის მადნების ფასები — 24.0%-ით.

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რაც ინდექსის ზრდაზე 2.07 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ კატეგორიაში ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებსა (5.1%) და სასმელებზე (4.7%).

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში ფასები ბოლო 12 თვეში გაიზარდა 11.6%-ით, რაც ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა.