სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში უფრო მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. მაჩვენებელი 2023 წლის აპრილთან შედარებით 5.1%-ით არის გაზრდილი.

მარტთან შედარებით აპრილში ფასები 2.5%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, ფასებმა 0.4%-ით მოიმატა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ჯგუფში შემავალ კვების პროდუქტებზე – 1.5%-იანი. ამავდროულად, 0.5%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.

რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფის შემთხვევაში ფასები გაიზარდა 15%-ით. ჯგუფში მნიშვნელოვანი მატება ლითონის მადნებზე დაფიქსირდა და 20% შეადგინა.
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 3.8%-ით. ქვეჯგუფებიდან გამოსარჩევია კვების პროდუქტების 6.4%-ით და სასმელების 4.7%-ით გაძვირება.
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 10.1%-ით.
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით – ამ ჯგუფზე ფასების მატებამ 0.7% შეადგინა.