სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია: ისტორიული გზაგასაყარი

სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია: ისტორიული გზაგასაყარი

თუ­კი პოს­ტ­საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­სექ­ტო­რე­ბის ჩამოყალი­ბების ისტორიას გადავავლებთ თვალს, ადვილად აღმოვაჩენთ სამშენებლო ინდუსტრიის განსაკუთრებულ ადგილს. 2020 წლის მონაცემებით: წილი ეკონო­მიკის მთლიან გამოშვებაში – 12,9%, 100 000-მდე დასაქმებული, მშპ-ის 8,9%, ბრუნვა – 8,3 მლრდ ლარი, ათასობით წარმატებული პროექტი და მხოლოდ ერთ წელიწადში შექმნილი 3,5 მლრდ ლარის დამატებითი ღირებულება! იმავდროუ­ლად – მუდმივი, თანამდევი ბუნდოვანება სამშენებლო ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით… მოქმედი სტანდარტები წარმოადგენს გასული საუკუნის 80-იანი წლების მემკვიდრეობისა და თანამედ­­როვე მოთხოვნების „უნიკალურ“ სინთეზს – არასრულად და ქაოსურად ინტეგრირე­ბულ ევროპულ თუ მსოფლიო ნორმებს.

მართალია, არსებული კანონმდებლო­ბის საფუძველზე, პროექტების შემსრუ­ლებლებს მინიჭებული აქვთ თავისუფ­­ლება – გამოიყენონ ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყ­­ნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტე­ბიდან სასურველი, თუმცა დანერგილი პრაქტიკა არ შეცვლილა და პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელ­­დება ე.წ. „სნიპების“ გამოყენებით – რაც თავშივე გამორიცხავს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების გამო­ყენების ადაპტირების შესაძლებლობას. იმავდროულად, მთავრობის დადგენილე­ბით სამოქმედოდ დაშვებული, ერთდრო­ულად 37 ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი ქმნის ფაქტობრივად უკონტროლო, მნიშ­­ვნელოვანი რისკების შემცველ ქაოსურ გარემოს.

არსებული გამოწვევები მხოლოდ ზემოთქმულით არ შემოიფარგლება: დღეისათვის სფეროში არ არსებობს ინ­­დუსტრიის შემადგენელი საქმიანობისა და პროფესიების სერტიფიცირებისა და ლიცენზირების განსაზღვრული წესი, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ – თუნდაც ელემენტარული გამოცდილების არმქონე კომპანიას – შეუძლია, ყოველ­­გვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს მშენებლობის რთული და საპასუხისმგებ­­ლო პროცესი.

კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფაქტორი მნიშვნელოვან რისკებს წარმო­შობს მშენებლობის პროცესის დაპრო­ექტებისა თუ სამუშაოების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. სუსტი ადმინისტრი­რების პირობებში, არ ხდება სამშენებ­­ლო მასალების ხარისხის ფაქტობრივი შემოწმება იმპორტამდე.

სახელმწიფო შესყიდვები და სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები

სამშენებლო ინდუსტრია წარმოადგენს, ფაქტობრივად, ერთადერთ სექტორს, რო­მელსაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილებით განსაზღვრული აქვს სახელმწიფო შეს­­ყიდვისას სამშენებლო სამუშაოების ზედ­­ნადები ხარჯების ზღვრული პროცენტული ოდენობა – 10%. პარადოქსია, მაგრამ, უკანასკნელ პერიოდში, შრომის უსაფ­­რთხოების კუთხით ამოქმედებული და საგრძნობლად გამკაცრებული რეგულა­ციებით გათვალისწინებული საკმაოდ სო­ლიდური ხარჯების დაფარვა კომპანიებს სწორედ ზღვრული ზედნადები ხარჯების ფარგლებში უწევთ (ხარჯთაღრიცხვებში სათანადო ხარჯის გრაფის არარსებო­ბის გამო). სახელმწიფო შესყიდვების პირობებში, მნიშვნელოვან გამოწვევად გვევლინება „ფასი-ხარისხის“ მკაფიო შუალედის მექანიზმის არქონა, რაც, სა­ბოლოოდ, დამკვეთის მიერ ხარისხიანი მომსახურების შესაბამის ფასად მიღების შესაძლებლობაში აისახება. ინფრასტ­­რუქტურული პროექტები – უმნიშვნელო­ვანესი მიმართულებაა და მათ განხორ­­ციელებაში დახარჯული მილიარდობით ლარი მთლიანი სექტორისთვის უნდა წარმოადგენდეს გრძელვადიანი ეფექტის გარანტს.

დღეს სამშენებლო და დეველოპე­რული ინდუსტრია გზაგასაყარზეა – ერთ მხარეს არის წლების მანძილზე გად­­მოყოლილი ინერცია – დერეგულაციის ეგიდით, „გოსტების“, „სნიპებისა“ და 37 ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების აღი­არებით შექმნილი ქაოსი და განვითა­რების ბუნდოვანი პერსპექტივა; მეორე მხარე ჯერ შესაქმნელი და ჩამოსაყალი­ბებელია – ინდუსტრიისათვის მკაფიო და ერთიანი სტანდარტით, ეფექტიანი ადმინისტრირებით, განვითარების თანამიმდევრული პოლიტიკითა და რე­გულაციებით. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალისხმევა და ცვლილებები აუცილებლად მოიტანს შედეგს!

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *