სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung Electronics-ი, მომავალი 20 წლის განმავლობაში, ქვეყნის ჩიპების მწარმოებელ ბაზაში $230 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. სამხრეთ კორეის მთავრობის შეფასებით, ჩიპების მწარმოებელი ეს ბაზა მსოფლიოში უდიდესია და ჩიპების ეროვნული ინდუსტრიის გაძლიერებას ემსახურება.
დაახლოებით $230 მილიარდის ღირებულების პროექტი მთავრობის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული $420-მილიარდიანი კერძო სექტორის საინვესტიციო გეგმის ნაწილია. სეულის სტრატეგიის მიზანი საგადასახადო შეღავათების გაფართოება და მაღალტექნოლოგიურ სექტორებში, მათ შორის ჩიპების, დისპლეებისა და ბატარეების წარმოების ინდუსტრიებში, კონკურენტუნარიანობის ზრდის მხარდაჭერაა.
სამხრეთ კორეის განცხადებით, Samsung-ის საწარმოო გეგმა აერთიანებს ჩიპების ხუთ ქარხანას და მოიზიდავს მასალების, ნაწილებისა და აღჭურვილობის დაახლოებით 150-მდე მწარმოებელს, მათთან ერთად კი ნახევარგამტარების კვლევისა და განვითარების ორგანიზაციებსაც. კერძო ინვესტიციების გარდა, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, სტრატეგიულ ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კვლევებისა და განვითარებისთვის, მთავრობა $19 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლის განცხადებით, არსებული გლობალური კონკურენციის ფონზე, როდესაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ბრძოლის ველი უკვე ჩიპების შიდა წარმოების გაძლიერებისთვის ხელშეწყობით ვითარდება, სამხრეთ კორეის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საგადასახადო მხარდაჭერა, საჭირო მუშახელი და კვლევები ინდუსტრიის განსავითარებლად.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეში „ჩიპების აქტი“ (CHIPS Act) გამოაქვეყნა, რომელიც ჩიპების მწარმოებლებს აშშ-ში ინვესტირების შემთხვევაში მილიარდობით დოლარის სუბსიდიებს სთავაზობს.