სანდრო ბაზაძემ თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
სანდრომ ფინალურ შეხვედრაში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, ანგარიშით 15:9 დაამარცხა. მანამდე კი ბაზაძემ ხუთი ორთაბრძოლა მოიგო.
„ძალიან რთულია სიტყვებით გამოვხატო, რასაც ვგრძნობ. არ ვიცი რა ვთქვა, უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჩემი საყვარელი ხალხის თვალწინ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ამაზე მაგარი არაფერია. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთი წარმატების მიღწევას. ყველა ბავშვს, ვინც სპორტშია ჩართული, ვუსურვებ, რომ ასეთი სიხარული განეცადოთ. მათ მოვუწოდებ ბევრი იშრომონ, რადგანაც ასეთი დიდი წარმატების უკან, ძალიან დიდი შრომაა. შრომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი, არ დავნებდი, ბევრი დაბრკოლება შემხვდა ჩემი კარიერის განმავლობაში, მაგრამ ყველაფერი გადავლახე,“ – განაცხადა მედიასთან მსოფლიო ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ საქართველო სამ ოლიმპიადაზე წარადგინა. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, მან 2022 და 2023 წლების ტურნირებში მიიღო მონაწილეობა და, შესაბამისად, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო თასის ოთხგზის გამარჯვებულია.
საქართველო ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 22 ივლისს გაიხსნა და 30 ივლისის ჩათვლით გაიმართება.