სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის გადახედვა - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში?

სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის გადახედვა - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში?

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საქართველოში “რუსული კანონის” მიღებას უკავშირდება. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები “აგენტების კანონის” გაწვევამდე არ უნდა გაიხსნას.

ევროპარლამენტი გმობს კანონს და მიიჩნევს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და აზიანებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. საკანონმდებლო ორგანოში “ქართულ ოცნებას” კანონის გაწვევისკენ, მოქალაქეთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო.

ამავდროულად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, მოამზადოს შუალედური შეფასება საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ასევე მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირის ქვეყნებს, შეაფასონ კანონის გავლენა მათ, როგორც დონორის როლზე.

რეზოლუციის მომხრე 425 ევროპარლამენტარი იყო, მოწინააღმდეგე – 25, ხოლო თავი 30-მა შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუციის შესწორებებიც, რომლებიც მოითხოვს შემდეგს:

  1. “საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი” ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.
  2. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვასა და სავიზო ლიბერალიზაციაზე “აგენტების კანონის” გავლენის შეფასებას.
  3. “ქართული ოცნების” მიერ ჰომოფობიური, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის გაწვევას.
  4. მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლით გათავისუფლებას.

ცნობისთვის, რეზოლუცია არის ერთგვარი რეკომენდაცია, რომელსაც ევროპარლამენტი ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს აძლევს განსახილველად. საბოლოო ჯამში, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროკავშირმა, სავიზო ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება კი ევროკომისიამ უნდა მიიღოს.

საქართველოს პარლამენტმა “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით 2024 წლის 17 აპრილს მიიღო, რასაც მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მესამე მოსმენის სავარაუდო თარიღი 17 მაისია.