სანქციების გამოცდილება: როგორ შეიცვალა როტენბერგისა და დერიპასკას ბიზნესი

სანქციების გამოცდილება: როგორ შეიცვალა როტენბერგისა და დერიპასკას ბიზნესი

2014 წელს არკადი როტენბერგის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, მისმა ოჯახმა მოახერხა, ესარგებლა გაზპრომთან ხანგრძლივი და კარგი ურთიერთობით და ახალი პარტნიორიც ეპოვნა სამშენებლო ბიზნესისთვის. ოლეგ დერიპასკას კი, რომელიც 2018 წელს მოექცა სანქციების ქვეშ, მოუწია კომპრომისზე წასულიყო აშშ-ს ხაზინასთან და მისი ბიზნესიმპერიის უმეტესი ნაწილი ახლა სხვა ადამიანების საკუთრებაა.

უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სანქცირებული რუსი მილიარდერების რაოდენობამ უკვე ორ ათეულს გადააჭარბა. მათგან ყველაზე მდიდარი ვლადიმერ პოტანინია, სანქციები Norilsk Nickel-ის მფლობელის წინააღმდეგ 6 აპრილს კანადამ დააწესა.

სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენების უმეტესობა მათზე ერთნაირად რეაგირებს – ისინი ნაჩქარევად ტოვებენ ათწლეულების განმავლობაში ნაშენები საკუთარი კომპანიების კაპიტალს.

აი, მილიარდერ არკადი როტენბერგის ოჯახისთვის სანქციები უცხო არ არის –  პირველად ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს დაასანქცირეს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისას. 2018 წელს სანქციებით შეიზღუდა კიდევ ერთი ცნობილი რუსი მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა.

Forbes-ის რუსულმა რედაქციამ გააანალიზა, თუ როგორ შეიცვალა ხსენებული ორი მილიარდერის ბიზნესსაქმიანობა ამერიკული აკრძალვების უღლის ქვეშ.

ბანკი, ხიდი, „არტეკი“

„არკადი რომანოვიჩმა … ჩაიდინა მამაკაცური საქციელი, აშკარა რისკზე წავიდა და შეიძლება სამუდამოდ სანქციების ქვეშ დარჩეს“ – ამტკიცებდა მილიარდერ არკადი როტენბერგის ნაცნობი Forbes-თან ინტერვიუში, 2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც როტენბერგმა SMP Bank-ის დირექტორთა საბჭო დატოვა და გამოაცხადა მზაობა, აეშენებინა ხიდი, რომელიც დააკავშირებდა ტამანსა და ყირიმის ქერჩს.

SMP Bank გახდა არკადი და ბორის როტენბერგების ერთ-ერთი პირველი აქტივი, რომელმაც მფლობელებს აგრძნობინა მათ წინააღმდეგ 2014 წლის მარტში დაწესებული სანქციების გავლენა. ოფიციალურად ბანკი აშშ-ს სანქციების სიაში მხოლოდ აპრილში შევიდა, მაგრამ უკვე მარტში, ბანკის მომხმარებლებისთვის მათი ბარათებით სარგებლობა და ტრანზაქციები Visa-მ და Mastercard-მა შეზღუდეს. რუსული საგადახდო საბარათე სისტემა (НСПК), რომელიც ახლა საშუალებას აძლევს რუსულ ბანკებს ქვეყნისშიდა გადახდები და ტრანზაქციები განახორციელონ, მაშინ არ არსებობდა. შესაბამისად, SMP Bank-ს მოუწია პარტნიორობაზე მოლაპარაკებოდა Uralsib-ს, რომელიც ფლობდა ბანკომატებისა და საგადახდო სისტემების ფართო ქსელს.

რუსეთის ხელისუფლება როტენბერგების ბანკის დასახმარებლად მალევე მობილიზდა: ხელისუფლება რეკომენდაციას უწევდა სახელმწიფო კომპანიებს SMP Bank-ში გაეხსნათ ანგარიშები და სწორედ მათი დახმარებით მომხდარიყო  ყველანაირი ანგარიშსწორება და ამასთან, ნება დართეს სახელმწიფო სტრუქტურებს ყურადღება აღარ მიექციათ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგებისთვის (რაც ბანკს არ ჰქონდა) დაკრედიტების ტენდერების ორგანიზებისას, რის შედეგადაც სამთავრობო უწყებებისა და რეგიონული მთავრობების სახსრები განთავსდებოდა ბანკის ანგარიშებზე. გარდა ამისა, 2014 წლის მაისში ცენტრალურმა ბანკმა ანჯეი მალჩევსკის Mosoblbank-ში დროებითი მმართველი დაინიშნა და სწორედ SMP Bank შეირჩა მალჩევსკის ბანკის სანაციაზე პასუხისმგებელ ბანკად.

შედეგად, SMP Bank-მა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან 172 მილიარდი რუბლი მიიღო 12 წლით, 0,51%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ეს შთამბეჭდავი თანხაა: თუ გავითვალისწინებთ სხვა სანაციებსაც კერძო ინვესტორების ჩართულობით, მხოლოდ ვითიბი ბანკმა მიიღო ამაზე მეტი თანხა მოსკოვის ბანკის რესტრუქტურიზაციისთვის. Mosoblbank-ის სანაციამ საშუალება მისცა SMP Bank-ს 2014 წელს თითქმის გაეორმაგებინა – 348 მილიარდ რუბლამდე გაეზარდა საკუთარი აქტივების მოცულობა.

დღეს SMP Bank საბანკო სისტემაში აქტივების მოცულობის მიხედვით მე-19 ადგილზეა. 2014 წლის დასაწყისიდან დღემდე ბანკი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა 677,98 მილიარდ რუბლამდე. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ სწორედ მალჩევსკის ყოფილ ბანკზე მოდის ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციებისა და საკრედიტო ოპერაციების უდიდესი ნაწილი.

ყირიმის ხიდის კონტრაქტისთვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი 228 მილიარდი რუბლი ძნელად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო მხარდაჭერად. როტენბერგის კომპანიამ (Стройгазмонтаж), რომელიც მანამდე გაზპრომისთვის აშენებდა ინფრასტრუქტურას, საკუთარ თავზე აიღო კომპლექსური პროექტი 2015 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც გენადი ტიმჩენკომ უარი თქვა მის განხორციელებაზე. ხიდის ძირითადი ნაწილი როტენბერგის სხვა კომპანიამ, Мостотрест-მა ააშენა. კომპანიას, რომლის აქციებიც საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა, პროექტში მონაწილეობა ძვირად დაუჯდა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კომპანია სანქცირებულთა სიაში დაამატა, რის შემდეგაც Мостотрест-ს მოუწია შემდგომი ზრდის პროგნოზების კორექტირება და 95 მილიარდი რუბლის ღირებულების ობლიგაციების გამოშვების გაუქმება. ამასთან, რუსულ Forbes-თან ინტერვიუში კომპანიის გენერალური დირექტორი, ვლადიმერ ვლასოვი აცხადებდა, რომ პროექტზე მუშაობიდან მოგება არ უნახავთ.

თუმცა როტენბერგის სხვა ბიზნესმიმართულებებს სხვა კონტრაქტები გამოუჩნდა – უფრო მოკრძალებული, თუმცა, არანაკლებ მიმზიდველი. 2015 წელს „Стройгазмонтаж“-მა ყირიმში საბავშვო ბანაკ „არტეკის“ რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 3 მლრდ რუბლი მიიღო. გამოცემა „Собеседник“-ის შეფასებით, 2015-2022 წლებში სახელმწიფომ „არტეკის“ რეაბილიტაციაში 30.5 მილიარდი დახარჯა. როტენბერგის კომპანია კი მხოლოდ მშენებლობით როდი იყო დაკავებული – სწორედ „Стройгазмонтаж“ იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტექნიკურ აღჭურვილობის, ავეჯისა თუ სხვა ინვენტარის მიმწოდებელი.

ცხადია, ეს ყველაფერი არ არის. 2015 წელს როტენბერგის კომპანია „Мосотореста“-ს შვილობილმა კომპანია „Трансстроймеханизация“-მ ტენდერის გარეშე მიიღო კონტრაქტი შერემეტევოს აეროპორტისთვის მესამე ასაფრენი ზოლის მშენებლობაზე. ცნობისთვის, მანამდე აღნიშნული კონტრაქტი 26.2 მლრდ რუბლად ოლეგ დერიპასკას კომპანია „Трансстрой“-სთან გაფორმდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მისი შესრულება ვერ შეძლო.  2015 წელსვე როტენბერგი მის ძველ პარტნიორებთან, ალექსანდერ სკორობოგატკოსა და ალექსანდერ პონამორენკოსთან ერთად, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, აეროპორტ შერემოტოვოს ძირითადი მფლობელები გახდნენ – საჰაერო ჰაბის განვითარების პროექტში ინვესტირების სანაცვლოდ. „СПАРК-Интерфакс“-ის ცნობით, მხოლოდ 2015-2016 წლებში როტენბერგის კომპანიამ შერემეტოვოს აეროპორტისგან სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტით 17.8 მილიარდი რუბლი მიიღო.

სასტუმროს ფლობა პარტნიორებთან ერთად

როტენბერგის ბიზნესი მრავალი წლის განმავლობაში საზრდოობდა და ვითარდებოდა „გაზპრომის“ კონტრაქტებით. მისი კომპანია „Стройгазмонтаж“ სწორედ გაზპრომის ხუთი შვილობილი კომპანიის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა – ისინი როტენბერგმა 2008 წელს, 8.3 მილიარდ რუბლად იყიდა. 2019 წელს, როდესაც ყირიმის ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნა, დადგა დრო როტენბერგს სარგებელი მიერო ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობებისგან.

2019 წლის ნოემბერში როტენგერბმა ხსენებული „Стройгазмонтаж“ კვლავ გაზპრომს მიჰყიდა 75 მლრდ რუბლის შეფასებით. კომპანიის ბაზაზე კი გაზპრომმა საკუთარი მეგაკონტრაქტორი „Газстройпром“ დააფუძნა, ამ გაერთიანებაში მოჰყვა მანამდე ზიად მანასირის მფლობელობასი მყოფი „Стройгазконсалтинг“ და ტიმჩენკოსა დ ამისი პარტნიორების „Стройтранснефтегаз“. ცნობისთვის, როტენბერგმა და ტიმჩენკომ საკუთარი კონტრაქტორი ფირმების გაყიდვაზე მოლაპარაკება გაზპრომთან ერთდროულად დაიწყეს. მათი საერთო ნაცნობი რუსულ Forbes-თან საუბრისას ამბობდა, რომ მილიარდერები დაიღალნენ გაზპრომთან საქმიანი ურთიერთობით, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცუდი გადამხდელი იყო, ამასთან, ხშირად ცვლიდა პროექტის პარამეტრების მისი მსვლელობისას. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე ბიზნესმენს გააჩნდა რესურსი, გაზის მონოპოლისტთან საკუთარი ინტერესები დაეცვა.

იდენტური ისტორია განმეორდა კომპანია „Газпром бурение“-სთან მიმართებითაც – ეს უკანსკნელი არკადი როტენბერგმა გაზპრომისგან 2011 წელს 4 მლრდ რუბლად შეიძინა, 2014 წელს კი თავის შვილზე, იგორ როტენბერგზე გადაყიდა. 2021 წელს იგორ როტენბერგმა დატოვა „Газпром бурение“-ს კაპიტალი. გარიგების მოცულობა არ საჯაროვდება, თუმცა, რუსული Forbes-ის გამოთვლებით, იგორ როტენბერგმა კომპანიის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე სულ მცირე 43 მლრდ რუბლის მოცულობის დივიდენდი მიიღო.

ახლა „Газпром бурение“ ნაკლებად ცნობილ კომპანია „Армадис“-ის საკუთრებაშია. ჯერ კიდევ 2019 წელს გამოცემა РБК წერდა, რომ როტენბერგი შეუთანხმდა გაზპრომს და მის საკუთრებაში არსებულ კომპანიას გაზპრომის ახალ კონტრაქტორ „Русгазбурение“-ს მიჰყიდიდა. ამასთან, „Газпром бурение“ დაეხმარა „Русгазбурение“-ს საბანკო კრედიტებში გარანტორად დადგომითა და მისი აქტივების ნაწილის გაყიდვით.

2019 წელს არკადი როტენბერგის კომპანია „Стройпроектхолдинг“ და ВЭБ.РФ  შეთანხმდნენ შეექმნათ მეგაკონტრაქტორი ჰოლდინგი „Нацпроектстрой“(НПС). ჰოლდინგის შემადგენლობაში უკვე შედიოდა როტენბერგის „Мостотрест“-ს შვილობილი კომპანიები და როტენბერგების კიდევ ერთი კომპანია „ТЭК Мосэнерго“, რომელსაც იგორ როტენბერგი ფლობდა. როგორც ჩანს „НПС“ ნელნელა შეივსება „1520“ ჯგუფის აქტივებით, ჯგუფის, რომელიც რუსეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურას აშენებს და რომელშიც,  გამოცემა ვედომოსტის ცნობით, როტენბერგებს საკუთარი გავლენები აქვთ.

მას შემდეგ, რაც „Мостотрест“ НПС-ს შეუერთდა, კომპანიის შემოსავლები დრამატულად, 2020 წლის 65.7 მლრდ რუბლიდან 2021 წელს 7.4 მლრდ რუბლამდე შემცირდა. თუმცა, НПС-ზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. რუსული Forbes-ის შეფასებით, 2020-2021 წლებში ჰოლდინგში შემავალმა კომპანიებმა სახელმწიფო კონტრაქტებიდან სულ მცირე 512 მილიარდი რუბლი მიიღეს.

ჯერ კიდევ ყირიმის ხიდის მშენებლობისას როტენბერგმა ივარაუდა, რომ ეს იქნებოდა მისი საბოლოო, დიდი პროექტი. ფორმალურად ეს მართლად ასეა. მილიარდერს ვერ იპოვით НПС-ის მფლობელთა შორის. РБК-ს მონაცემებით, НПС-ის ერთ-ერთი აქციონერი ВЭБ.РФ-ის 48%-სა და კომპანია НПС ЕЗК-ის მფლობელის ვინაობის გარკვევა შეუძლებელია. გარდა ამისა, 2020 წელს НПС-ის გენერალურმა დირექტორმა, რუბერ აგანბეგიანმა აღიარა, რომ ВЭБ.РФ-ს პარტნიორები როტენბერგის ფირმები იქნებოდნენ. НПС-ის გენერალური დირექტორის მოადგილე კი მარია ჟურბა გახლავთ, როტენბერგების დიდი ხნის პარტნიორი.

ამასობაში, „სახელმწიფო კონტრაქტების მეფე“ არკადი როტენბერგი საჯაროდ თავის ახალ გატაცებაზე, სასტუმროების ბიზნესზე საუბარს ამჯობინებს. 2021 წლის გაზაფხულზე მან გელენჯიკში მდებარე შენობათა კომპლექსის ბენეფიციარ მესაკუთრედ დაასახელა თავი. საუბარია იმ კომპლექსზე, რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თქმით პუტინის სასახლეა. ამ განცხადების პარალელურად როტენბერგმა დააანონსა 15 მლრდ რუბლის ინვესტირება ყირიმში მდებარე 5 ობიექტში. გარდა ამისა, მილიარდერმა ალტაის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში იყიდა სამთო-სათხილამურო პროექტი „Новые вершины“.

მილიარდერის კომპრომისი

2019 წელს Forbes-ის რუსული რედაქცია არჩევდა, თუ რომელი რუსი მილიარდერი უფრო იმსახურებდა „წლის ბიზნესმენის“ სტატუსს. „ოქროს ასეულში“ მუდმივად მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სრული თავდაჯერებულობით დაასახელა, რომ ასეთი კანდიდატი ოლეგ დერიპასკა იქნებოდა. „ალუმნის მეფეს“ გამოუვიდა შეუძლებელი – მოლაპარაკებოდა აშშ-ის ხაზინას და სანქცირებულთა სიიდან ამოეღო En+ ჯგუფი, რომელიც ფლობს UCRusal-სა და „Евросибэнерго“-ს ენერგეტიულ აქტივებს. აშშ-მ დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები 2018 წლის 6 აპრილს მიიღო. ბიზნესმეთან ერთად სანქციების ქვეშ მოექცა მისი კომპანიები B-Finance, Basic Element, EN+, „Евросибэнерго“, UC Rusal, ჰოლდინგი „Русские машины“, ჯგუფი ГАЗ და აგროჰოლდინგი „Кубань“.

En+ ჯგუფის სანქცირებულთა სიიდან ამოღების გეგმა დღეს ბრიტანელი პოლიტიკოსისა და ლორდ გრეგორი ბარკერის სახელს უკავშირდება. ის აღნიშნული ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. დაწესებული სანქციების გამო ბარკერი თავდაპირველად სასოწარკვეთილი იყო, თუმცა, ლონდონელი ფინანსისტების რჩევით მან ფრთხილად დაიწყო მოლაპარაკებების ნიადაგის მოსინჯვა აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებთან. მალევე ცხადი გახდა, რომ En+ სანქცირებულთა სიაში მას შემდეგ აღარ იქნებოდა, როდესაც იგი დერიპასკას კონტროლისგან გათავისუფლდებოდა. „პირველად, მინორიტარი აქციონერები და დამოუკიდებელი დირექტორები გაერთიანდნენ, რათა თავი დაეხსნათ საკონტროლო პაკეტის მქონე აქციონერისგან“ – უყვებოდა Bloomberg-ს ბარკერი 2019 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც სანქციები მოუხსნეს.

ბარკერის გეგმით, დერიპასკამ თავისი წილი ჯგუფში En+  70%-დან 44.95%-მდე შეამცირა, ხოლო ხმის უფლების მქონე აქციების წილი 35%-მდე – დანარჩენი ხმის უფლება კი დამოუკიდებელ მეურვეებს გადაეცა. მეორე და მნიშვნელოვანი პირობა იყო დირექტორთა საბჭოს შემადგენლობის შეცვლა. საბჭოში 12 ადგილიდან 8 დამოუკიდებელმა დირექტორებმა დაიკავეს. ორი მათგანი მანამდე აშშ-ის და ბრიტანეთის სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდა, როგორც თავად ბარკერი.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დირექტორთა საბჭოში ბევრი უცხოელი განიხილება, როგორც „საცერემონიო გენერლები“, რომელთა დახმარებითაც შეგიძლია დასავლეთის წინაშე მოიწონო თავი – ამტკიცებს „En+“-ის ყოფილი თანამშრომელი.  დერიპასკას კომპანიის შემთხვევაში საქმე სხვანაირად იყო. „ პირველ რიგში, ეს წარმოადგენდა აშშ-ს ხაზინასთან შეთანხმების უმთავრეს პუნქტს, და მეორე, დამოუკიდებელი დირექტორები იღებდნენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს“ – უყვება რუსულ Forbes-ს რესპოდენტი. მაგალითად, 69 წლის მაკნატონი (დირექტორთა საბჭოს წევრი) პირადად ჩავიდა ციმბირში, UC Rusal-ის ქარხნების სანახავად. ამავდროულად, უცხოელებმა კომპანიაში დანერგეს მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის დღის წესრიგი, რომელსაც მოგვიანებით დერიპასკაც შეუერთდა და საკუთარ ტელეგრამ არხზე ბევრს წერდა, ნახშირბადის კვალის შემცირებაზე.

2021 წლის გაზაფხულზე En+ იყო პირველი რუსული კომპანია, რომელიც აქტიურად განიხილავდა გაეყიდა ან ცალკე გაეტანა ის კომპანიები, რომელთაც მაღალი ნახშირბადის ემისიები ჰქონდა. „ბარკერი აქტიურად ლობირებდა სიმწვანის იდეას და ცხადია, მის მიერ დაწყებული პროცესების, მის გარეშე უფრო ნელად წარიმართებოდა“ – ამბობს „En+“-ის ყოფილი თანამშრომელი.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ კომპანია დატოვა რამდენიმე დამოუკიდებელმა დირექტორმა, მათ შორის ბარკერმა და მაკნატონმა. ახლა ჯგუფის ვებგვერდის თანახმად, დირექტორთა საბჭო რვა ადამიანისგან შედგება, მათგან ოთხი დამოუკიდებელია.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები აისახა „ГАЗ“-ზეც, რომელმაც სანქციებიდან გამოსვლა ასე წარმატებით ვერ მოახერხა. 2018 წლიდან ჯგუფი ნიჟნი ნოვგოროდის ქარხანაში აშშ-ის მოკლევადიანი, შეზღუდული ლიცენზიებით მუშაობს და აწყობს Skoda-სა და Volkswagen-ის გარკვეულ მოდელებს. გარდა ამისა, ჯგუფმა ყოველთვიურად უნდა დაადასტუროს, რომ იგი არ მოქმედებს დერიპასკას სახელით. ომის დაწყებამდე, ჯგუფს ლიცენზიას 1 წლით გაუგრძელებდნენ ხოლმე, თუმცა, მიმდინარე წლის 25 იანვარს აშშ-ს ხაზინამ ლიცენზია მხოლოდ 90 დღით გასცა და მისი მოქმედების ვადა 27 აპრილს სრულდება.

მოკრძალება

რა ხდება დერიპასკას ოდესღაც გიგანტური ბიზნესიმპერიის სხვა მიმართულებებში?

ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული სადაზღვევო კომპანია „Ингосстрах“ არ ასაჯაროვებს მისი ბენეფიციარი აქციონერების სიას. ანალოგიურად იქცევა ბანკი „Союз“ (65-ე ადგილზეა აქტივების მოცულობით). ხოლო დერიპასკას წარმომადგენელმა Forbes-ის რუსულ რედაქციას განუცხადა, რომ ბიზნესმენი არ არის აგროჰოლდინგ „Кубань“-სა და აეროპორტების ბიზნესის ბენეფიციარი მესაკუთრე.

კომპანია „Базэл Аэро“, რომელშიც გაერთიანებულია სოჭის, კრასნოდარის, ანაპისა და ვლადივოსტოკის აეროპორტები და რომელიც დერიპასკას ერთ-ერთი კომპანიისა და სხვა რამდენიმე კომპანიის პარტნიორობით შეიქმნა, თავადვე დისტანცირდება მილიარდერისგან. 2021 წელს მათ შეიცვალეს სახელი და „Аэродинамика“ დაირქვეს, ხოლო კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეები სახელდახელოდაა გადამალული ოფშორებში.

ყველაზე თვალსაჩინო აქტივი, რომელსაც ადრე დერიპასკა ფლობდა სამშენებლო კომპანია „Главстрой“-ა, რომელიც 2000-იანებში შუა პერიოდში დაფუძნდა და უფრო მეტად ცნობილია სანკტ-პეტერბურგში, სადაც კომპანიამ ახალი უბანი პარნასი გააშენა. კომპანია ამის შემდეგ „ხელახლა დაიბადა“ – სამშენებლო ბუმის ფონზე „Главстрой“ მოსკოვში 1.4 მლნ კვ.მ. ფართობის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს და პოზიციონირებს, როგორც პრემიუმ-სეგმენტზე ორიენტირებული ფირმა. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენები, სერგეი პროკოპჩუკი და გიორგი ეფიმოვი არიან. დერიპასკას სანქცირების შემდეგ, ცოტა ხნით, კომპანიას დერიპასკასვე უახლოესი გარემოცვის წევრი, მისი დიდი ხნის კოლეგა და უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი, არკადი სარქისიანი ფლობდა.

სარქისიანი, როგორც გამოცემა TheBell წერდა, გარკვეული დროით ჯგუფ „Смик“-ის ბენეფიციარი მესაკუთრე იყო (ყოფილი ჰოლდინგი „БазэлЦемент“). დღეს ჯგუფის მესაკუთრეთა ვინაობა უცნობია, მისი კაპიტალის 100% კი საინვესტიციო ფონდ „Фобос“-ს ეკუთვნის.

სწორედ „Смик“-ზე წერდა РБК 2021 წელს, როდესაც ჯგუფი გახდა ყოფილი მილიარდერის, ფილარეტ გალჩევის კომპანია „Евроцемент“-ის მფლობელი. „Евроцемент“ დაუფარავი სესხის გამო სბერბანკს შერჩა, ხოლო „Смик“-ის უკან დერიპასკას ბიძაშვილი, პაველ ეზუბოვია. „ეზუბოვები ყუბანში ძალიან პატივსაცემი ოჯახია. ბიზნესმენის მამა პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატია, ნათესავებს შორის იპოვით ოლეგ დერიპასკას დეიდასა და დედასაც“ – წერდა РБК წყაროზე დაყრდნობით – „თუმცა, საკითხავია, მიაღწია თუ არა დამოუკიდებლად წარმატებას ეზუბოვმა და გამოიმუშავა თუ არა ამ მოცულობის თანხები დამოუკიდებლად აგროინდუსტრიის, სამშენებლო მასალების წარმოებისა და მშენებლობიდან“.

ჯერ კიდევ 2000-იანების დასასრულს, დერიპასკა ეზუბოვს ანდობდა საკუთარ სასტუმროების ბიზნესს – ჯგუფი „ГОСТ отель менеджмент“ სამი ათეული ობიექტით იყო წარმოდგენილი ქვეყანაში. არ არის გამორიცხული, რომ დერიპასკას ძირითადი ბიზნესსაქმიანობაც გადავიდა ეზუბოვის პასუხისმგებობის პერიმეტრში. „СПАРК-Интерфакс“-ის ცნობით, ეზუბოვი ერთ-ერთია კომპანია „Маренго“-ს ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის. აღნიშნულ კომპანიის საკუთრებაშია კომპანია „Профис-Недвижимость“, რომელიც 2 მლნ. კვ. მეტრის მოცულობის უძრავ ქონებას მართავს და მანამდე დერიპასკას საკუთრებაში იყო. ძირითადად საუბარია  სასაწყობე და საოფისე ფართებზე მოსკოვსა და რეგიონებში მდებარე ცათამბჯენებში. თუმცა, არის უფრო მიმზიდველი ადგილებიც – საოფისე ფართები სტალინისდროინდელ ცათამბჯენში წითელ კარიბჭეებთან, სააქციო საზოგადოება „Трехгорная мануфактура“, კომერციული ფართები ზემოთ ხსენებული კომპანია „Аэродинамики“-ს აეროპორტებში და საცხოვრებელი კომპლექსი „Береговой“.

„თეორიულად, წარსულში ოლეგ დერიპასკას მფლობელობაში არსებული კომპანიებისთვის სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკი კვლავ მაღალია“ – აცხადებს სერგეი გლანდინი, Pen & Paper-ის სპეციალური მრჩეველი სანქციების მიმართულებით – „უახლოესი მაგალითი – ვიქტორ ვექსელბერგის იახტის დაკავებაა სისხლის სამართლის საქმისთვის, რომელიც აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას გულისხმობს. სანქციების შესაბამისად, ვექსელბერგი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს დოლარის ფინანსური სისტემით. თუმცა, აშშ-ს გამოძიებამ დაადგინა, რომ ის და მასთან დაკავშირებული კომპანიები გვერდს უვლიდნენ ამ შეზღუდვებს და გემის მოვლა-პატრონობისთვის დოლარებში იხდიდნენ თანხას.“ გლანდინის განმარტებით, თუკი ადრე დერიპასკას საკუთრებაში არსებული კომპანიები ყიდულობენ და ყიდიან პროდუქციას რუბლში და არ ახორციელებენ ტრანზაქციებს დოლარში, ამერიკისთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. „თუმცა, თუკი დადგინდება, რომ დერიპასკასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ხალხი ან კომპანიები მისი ინტერესებისთვის ახორციელებენ გადახდებს დოლარში, აშშ-ს ხელისუფლებას შეუძლია სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება“.

დერიპასკა მუდმივად ცდილობდა აშშ-ს სასამართლოს დახმარებით მისთვის დაწესებული სანქციები გაეუქმებინა. 2020 წლის მარტში აშშ-ს ხაზინამ უარი თქვა დერიპასკას მოთხოვნაზე, მოეხსნათ მისთვის სანქციები. 2022 წლის მარტში მილიარდერმა კიდევ ერთი მარცხი განიცადა – აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა საფუძველი, დერიპასკა დაესანქცირებინა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე დახურულია“ – აცხადებს გლანდინგი“ – „დერიპასკას, რა თქა უნდა, შეუძლია საჩივარი შეიტანოს აშშ-ს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადახედვა, თუმცა, სასურველი შედეგის მიღების შანსები მინიმალურია. როგორც წესი, აშშ-ს უზენაესი სასამართლო განიხილავს ისეთ საქმეებს, რომელშიც სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის აზრები მნიშვნელოვნად გაიყო ან საქმის განხილვა მნიშვნელოვანია ამერიკული სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. დერიპასკას საქმის სააპელაციო განხილვაში მისთვის სასარგებლო არაფერია… ამ გადაწყვეტილებამ თვალსაჩინოდ დაგვანახა, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძლიერი კავშირი ამერიკულ სამართლებრივ სისტემასთან, ამერიკაში სასამართლოს ვერ მოიგებს“.