სანქციებისაგან თავის არიდებისთვის რუსეთი ბარტერულ ვაჭრობას მიმართავს

სანქციებისაგან თავის არიდებისთვის რუსეთი ბარტერულ ვაჭრობას მიმართავს

1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსული საგარეო ვაჭრობა ბარტერის პრინციპს უბრუნდება. დასავლური სანქციებისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიებმა რუსული ხორბლის ჩინურ ავტომობილებზე, სელის თესლის კი სამშენებლო მასალებზე გაცვლა დაიწყეს.

მიუხედავად რუსეთის ინდოეთთან და ჩინეთთან დაახლოებისა, ბარტერული ვაჭრობის დაბრუნება ხაზს უსვამს, თუ რამდენად დააზიანა უკრაინაში ომმა ბუნებრივი რესურსების მსოფლიოში უდიდესი მომპოვებლებისათვის სავაჭრო ურთიერთობები.

ანონიმური წყაროების ინფორმაციით, ერთ-ერთი ტრანზაქციის დროს ჩინური ავტომობილები რუსულ ხორბალში გაიცვალა. უფრო კონკრეტულად, ჩინელმა პარტიორებმა ავტომობილები ჩინურ იუანში შეიძინეს, რუსმა პარტნიორებმა კი ხორბალი – რუსულ რუბლში. შემდეგ კი ხორბალი ავტომობილებში გაცვალეს. სხვა ინფორმაციით, დაფიქსირდა სელის თესლის სამშენებლო მასალებზე გაცვლის რამდენიმე ტრანზაქციაც.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და 2022 წელს უკრაინაში შეჭრისათვის შეერთებულმა შტატებმა, ევროპულმა სახელმწიფოებმა და მოკავშირეებმა რუსეთს $2.2-ტრილიონიანი ეკონომიკის დაზიანებისათვის 25,000-ზე მეტი ინდივიდუალური სანქცია დაუწესეს. რამდენიმე კვირის წინ, რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის გამო, შეერთებულმა შტატებმა ტარიფები ინდოეთსაც დაუწესა.

სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა. მისი განმარტებით, რუსეთის ეკონომიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე უფრო სწრაფად გაიზარდა. პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებსა და ოფიციალურ პირებს უბრძანა, რომ სანქციებს ნებისმიერი გზით არ დაემორჩილონ.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სანქცია და შეზღუდვა რუსეთის პარტნიორებს სიფრთხილით მოქმედებას აიძულებს. მაგალითად, რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნა და აშშ-ის მუქარა ჩინური ბანკების მიმართ, მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს აჩენს. შესაბამისად, ანალიტიკოსების მოსაზრებით, სწორედ მეორადი სანქციები გახდა ბარტერული ვაჭრობის პრინციპის დაბრუნების მთავარი მიზეზიც. მოგეხსენებათ, მსგავსი ვაჭრობის კვალის დაფარვა ციფრულ ტრანზაქციებზე მარტივია.

2024 წელს რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ 14-გვერდიანი დოკუმენტი გამოსცა, რომელიც ბიზნესებს სანქციებისაგან თავის არიდებას ასწავლიდა. „უცხოური ბარტერული ტრანზაქციების გზამკვლევი“ ბიზნესებს კონკრეტულ სავაჭრო პლატფორმებსაც სთავაზობს ბარტერული ვაჭრობის წარმოებისათვის.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.