საფონდო ბირჟაზე კომპანია Gazprom-ის აქციების ღირებულება 35%-ით დაეცა

საფონდო ბირჟაზე კომპანია Gazprom-ის აქციების ღირებულება 35%-ით დაეცა

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე (MOEX) უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანიის Gazprom-ის აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა. 24 საათში კომპანიის თითოეული აქციის ფასი 310-რუბლიანი ნიშნულიდან 197 რუბლამდე შემცირდა, რაც ვარდნის 36-პროცენტიანი მაჩვენებელია.

ბირჟაზე აქციების შემცირება პირდაპირ კავშირშია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან – 1998 წლის შემდეგ პირველად, Gazprom-ი აქციონერებს მოგებას არ გაუნაწილებს და დივიდენდს არ გადაუხდის.

Gazprom-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ფამილ სადიგოვის განცხადებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დივიდენდის გაცემა მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად, კომპანიის მიერ 2021 წელს მიღებული მოგება აქციონერებს არ გაუნაწილდებათ.

„კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ამჟამად საინვესტიციო პროგრამის განხორციელება და რუსეთის რეგიონის გაზიფიკაციაა“, – დასძინა სადიგოვმა.

აღსანიშნავია, რომ დივიდენდის მიღება ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების ფლობის მთავარი უპირატესობა და ხიბლია. ასეთ კომპანიებს სწრაფი ზრდის პოტენციალი არ აქვთ, შესაბამისად, მათი აქციების ფასებიც საფონდო ბირჟებზე მკვეთრად არ იზრდება, ინვესტორებისთვის მთავარ მოტივაციას კი კომპანიის ყოველწლიური მოგებიდან მიღებული სარგებელი, ანუ დივიდენდი წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *