საფრანგეთის სასამართლომ სარკოზი სააპელაციო სარჩელის განხილვამდე გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ სარკოზი სააპელაციო სარჩელის განხილვამდე გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პატიმრობიდან დროებით გაათავისუფლა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნიკოლა  სარკოზის სააპელაციო სარჩელის განხილვის დასრულებამდე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის დროებით გათავისუფლება მიზანშეწონილია.

ცნობისათვის, ნიკოლა სარკოზის პატიმრობა 21 ოქტომბერს დაიწყო. ის საფრანგეთის სასამართლომ კრიმინალურ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის სექტემბერში დამნაშავედ ცნო. საქმე 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიისათვის დაფინანსების ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისგან მოპოვებას ეხებოდა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მიერ სასამართლოზე გაკეთებული განცხადებით, მისთვის ციხეში ყოფნა რთული აღმოჩნდა. მისი განცხადებით, გათავისუფლების შემდეგ ის სრულად სააპელაციო პროცესზე იქნება კონცენტრირებული.

სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ის ვერ ხედავს სარკოზის მხრიდან მიმალვის საფრთხეს, შესაბამისად, მისი გათავისუფლება გასაჩივრების პროცესის დასრულებამდე შესაძლებელია. ნიკოლა სარკოზის დროებით გათავისუფლების შუამდგომლობა საქმის პროკურორმა დააყენა. სარკოზის გათავისუფლების პირობა მისი მუდმივი მეთვალყურეობა, საფრანგეთის საზღვრების დატოვების აკრძალვა და იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერ ოფიციალურ პირთან კომუნიკაციის აკრძალვაა.

საფრანგეთის სასამართლოს სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და თავს შურისძიების მსხვერპლად მიიჩნევს. მისი გათავისუფლების სხდომას სარკოზი ფიზიკურად არ დასწრებია. სასამართლოს ის ონლაინ ფორმატში ჩაერთო. „მე ფრანგი ვარ, ბატონო. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძვი. მე ყველა ვალდებულებას დავემორჩილები [გათავისუფლების შემთხვევაში], როგორც ყოველთვის“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისათვის, ნიკოლა სარკოზის თანაშემწეები შეეცადნენ ლიბიის ყოფილი დიქტატორისაგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ. პარიზის სასამართლომ სარკოზი ყველა სხვა ბრალდებაში გაამართლა, მათ შორის კორუფციასა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების მიღებაშიც.

ნიკოლა სარკოზის მუამარ კადაფისთან აღნიშნული საიდუმლო გარიგების 2005 წელს დადებას ედავებოდნენ, როდესაც ის საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ბრალდების თანახმად, ამ პერიოდში სარკოზიმ საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებული ლიბიის მხარდაჭერის სანაცვლოდ კადაფისაგან საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება მოითხოვა.

მოსამართლის განმარტებით, მართალია, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების დრო და კვალი მომხდარს ემთხვევა, თუმცა სარკოზის მიერ კადაფისთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებისა და ლიბიიდან გამოგზავნილი ფულის საარჩევნო კამპანიაში მოხვედრის არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, მოსამართლის განცხადებით, სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რადგან მან საკუთარ თანაშემწეებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მოპოვების მიზნით ლიბიაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირების საშუალება მისცა.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.