საფრანგეთის ზღვისპირა კურორტ კან-სიურ-მერში მდებარე რენუარის მუზეუმიდან ოთხი ნამუშევარი მოიპარეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა მოპარული ნამუშევრებიდან ორს მუზეუმის ბაღში მიაკვლიეს, თუმცა ორი მათგანი — „მადამ კოლონა-რომანოს პორტრეტი“ და „ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ — კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. წინასწარი შეფასებით, მოპარული ნამუშევრების ღირებულება €9 მილიონს აღწევს.
მუზეუმის სიგნალიზაცია სამშაბათს დილით 05:48 საათზე ჩაირთო, პოლიცია კი შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ხუთ წუთში მივიდა.
ქალაქის მერის, ბრაიან მასონის განცხადებით, „კარგად აღჭურვილი და ინფორმირებული“ მძარცველების ჯგუფი შენობაში ბაღის მხრიდან შევიდა. მასონის ინფორმაციით, მძარცველებმა მუზეუმის ღობე ელექტროდანით ან ხერხით გაჭრეს და პირველ სართულზე შეაღწიეს. შემდეგ მათ ნამუშევრების ჩარჩოების დამცავი სამაგრები გაჭრეს და ნახატები კედლებიდან მოხსნეს. ორი ეჭვმიტანილი ქალაქის ვიდეოსამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირა.
მუზეუმი 1960 წელს გაიხსნა და საკურორტო ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. ამ შენობაში ფრანგი მხატვარი პიერ-ოგიუსტ რენუარი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. რენუარი 1919 წელს, 78 წლის ასაკში, ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა. მუზეუმის კოლექცია რენუარის პორტრეტებს, პეიზაჟებსა და შიშველი სხეულის გამოსახულებებს, ასევე მის კუთვნილ ნივთებსა და ავეჯს მოიცავს.
საფრანგეთის მუზეუმების უსაფრთხოების საკითხი ყურადღების ცენტრში გასული წლის ოქტომბერში, ლუვრის ძარცვის შემდეგ მოექცა. მუზეუმიდან €100 მილიონამდე ღირებულების რვა ნივთი მოიპარეს. საქმეზე ოთხი პირია დაკავებულია, თუმცა მოპარული ნივთები სამართალდამცველებს ამ დრომდე არ ამოუღიათ.









