საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ იანვარ-აპრილში?

საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ იანვარ-აპრილში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 7.75 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2.01 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემს 14.2%-ით აღემატება. იმპორტმა კი 5.74 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა. შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია. 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა.

2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები მეორე ადგილს იკავებს, თითქმის 902 მილიონი აშშ დოლარით.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე გატანილ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილს მილები, მილაკები და ღრუ პროფილები (უნაკერო, შავი ლითონისაგან) იკავებს 5 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზე საფრენი აპარატების ნაწილებია 3.74 მილიონი აშშ დოლარით, მესამეზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოები 2.03 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ხილისა და ბოსტნეულის წვენები და ფეროშენადნობები ასრულებს, შესაბამისად, 1.57 მილიონი აშშ დოლარითა და 1.2 მილიონი აშშ დოლარით.

აშშ-დან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია თითქმის 527.7 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) იკავებს თითქმის 227.9 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე ქანდაკებებისა და სტატუეტების დედნებია (ნებისმიერი მასალისაგან) 30.66 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ადგილებს ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი ძრავები, სხვა აირის ტურბინები და თხილი და სხვა კაკალი ინაწილებს, შესაბამისად, 30.5 მილიონი აშშ დოლარითა და 8.48 მილიონი აშშ დოლარით.