საქართველო ავტორიტარიზმისთვის მტრული ნიადაგია

საქართველო ავტორიტარიზმისთვის მტრული ნიადაგია

თებერვლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა რეპრესიული კანონების მთელი წყება დააანონსა. ეს კანონები დასავლეთის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული არჩევნებისა და ევროინტეგრაციაზე უარის თქმით გამოწვეული პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად. მათი საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საერთაშორისო ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფი მმართველი პარტიის მიერ სანქცირებულმა ძალადობამ სასურველი შედეგი არ გამოიღო. მიუხედავად  პოლიციური ძალებისა და არაფორმალური ნიღბიანი დაჯგუფებების სასტიკი დარბევებისა, ასეულობით მოქალაქის, მათ შორის ჟურნალისტების დაკავებისა და მათ ნაწილზე სისხლის სამართლის მუხლების ამოქმედებისა, პროტესტის ტალღები ორი თვეა, არ წყდება. 

საშინაო წნეხს საგარეოც ერთვის: პროტესტმა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების მიზეზით ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მისცა ბიძგი. ახალ სანქციებზე საუბრობენ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის პარლამენტში. ამ სვეტის წერის მომენტში ვრცელდება ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების კომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომელიც  მმართველ პარტიას მოუწოდებს, „გაათავისუფლონ ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკურ ნიადაგზე უსამართლოდ დაკავებული ადამიანი“. მათ შორისაა ქართველი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 27-ე დღეა, საპატიმროში შიმშილობს.

დასავლეთი და მისი მოკავშირე ქართველი საზოგადოება შიშობს, რომ გამკაცრებულ კანონმდებლობას შორს მიმავალი ეფექტი ექნება და კიდევ უფრო ჩაახშობს გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლებას. სულ უფრო ხშირად ისმის ნეოლოგიზმი „ბელარუსიზაცია”. იბადება კითხვა: შეძლებს ბიძინა ივანიშვილი ახლო წარსულში რეგიონის „დემოკრატიის შუქურად” წოდებული საქართველოსგან ბელარუსი მიიღოს?

ვფიქრობ, ამის ალბათობა დაბალია. ავტორიტარიზმის მდგრადი წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეუძლია ხელისუფლებას სოციალური კონტრაქტის შეთავაზება, რომელიც ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. საქართველოში ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გარემო ისეთია, რომ რუსული ტიპის ავტორიტარული მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას ვერ მიაღწევს.

დავიწყოთ ეკონომიკური სტრუქტურით: ბელარუსი და რუსეთი კლასიკური „რესურსების წყევლის” ქვეყნები არიან: მათი ეკონომიკა დიდწილად ეყრდნობა ნავთობს, გაზსა და მძიმე მრეწველობას, რომელიც მეტწილად სახელმწიფოს მფლობელობაშია, რაც მმართველობის ცენტრალიზაციას ამარტივებს. ამ რესურსებიდან მიღებული შემოსავლები მათ საშუალებას აძლევთ, სახელმწიფო სუბსიდიები გადაანაწილონ, კომფორტით უზრუნველყონ ელიტები და შეამცირონ ღარიბი მოსახლეობის უკმაყილება. 

საქართველო ხსენებულ მოდელს ვერ იმეორებს, რადგან ჩვენი ეკონომიკა ძირითადად სერვისებზეა დაფუძნებული. საქართველოს ეკონომიკის სექტორები მოქნილი და გლობალიზებულია. მისი ფინანსური სექტორი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ სისტემებში ინტეგრირებულობაზე. იზოლაცია საქართველოს საბანკო სისტემას მთლიანად ჩამოაქცევს, რასაც სხვა დანარჩენი სექტორები დომინოს პრინციპით მიჰყვება. ეს ქვეყნის ეკონომიკას 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის მოცემულობაში დააბრუნებს. 

ზოგი შეიძლება მიიჩნევდეს, რომ საქართველოსთვის დასავლეთის ჩანაცვლება რუსეთსა და ჩინეთს შეუძლია, თუმცა ეს შეხედულება ზედაპირულია. რუსეთს არათუ საქართველოს, არამედ მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის შენახვაც უჭირს – აფხაზი საზოგადოება სულ უფრო ხშირად გამოხატავს პროტესტს რუსეთის მიერ შეთავაზებული თამაშის წესების წინააღმდეგ. სანქციებით კიდევ უფრო დასუსტებული რუსეთის მხარდაჭერა იმდენად მასშტაბური ვერ იქნება, რომ ავტორიტარიზმის მდგრადი მოდელი შექმნას. რაც შეეხება ჩინეთს, მისი ინტერესი ძირითადად საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ვაჭრობის გზების განვითარებაზეა კონცენტრირებული. ჩინეთი საქართველოსთვის არ იძლევა იმ ტიპის პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც რუსეთს ბელარუსისთვის აქვს უზრუნველყოფილი – მით უფრო, თუ მთავრობა კრიზისის ეფექტურ მართვას ვერ ახერხებს.

რაც მთავარია, ბელარუსისა და რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს საზოგადოებაში პლურალიზმი და თავისუფლებისადმი სწრაფვა ღრმად არის ფესვგადგმული. ეს არა მხოლოდ ქუჩის პროტესტებში, არამედ მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობაშიც ვლინდება. ეს მმართველი ხელისუფლებისთვის ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ართულებს, ამიტომ ახალი კანონების სამიზნე სწორედ ხსენებული აქტორები არიან. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების საპირისპიროდ, თავისუფლება და დამოუკიდებლობა საქართველოსთვის „უცხოური აგენტურის”, მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის მიერ თავს მოხვეული ღირებულება არ არის. ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საბჭოთა მმართველობას გაექცა. ბელარუსის მოქალაქეთა კრიტიკული უმრავლესობა საბჭოთა კავშირის დაშლას საერთოდ არ ემხრობოდა. განსხვავებით საქართველოსგან, ბელარუსის პოლიტიკურმა სისტემამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მინიმალური ტრანსფორმაცია განიცადა. 

მართალია, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმს მოლდოვამაც საქართველოსავით ბოიკოტით უპასუხა, თუმცა არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის მოლდოვაში და თვით უკრაინაშიც, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იმხელა მხარდაჭერა არ აქვს, რამხელაც საქართველოში. ამიტომაც დღემდე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პირდაპირ ვერ ეუბნება საკუთარ გულწრფელ ამომრჩეველსაც კი, რომ ევროინტეგრაციაზე უარს ამბობს, ევროკავშირის დროშით ატარებს საარჩევნო კამპანიას, შემდეგ კი გეოპოლიტიკური გეზის ცვლილებას დროებით მოვლენად ნათლავს. 

თავისი პოლიტიკური ბუნებითა და ინსტიტუციური მეხსიერებით, საქართველო ავტორიტარიზმისთვის მტრული ნიადაგია. მისი ეკონომიკური დეცენტრალიზაცია, საერთაშორისო პარტნიორებზე დამოკიდებულება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დასავლური ინტეგრაციის კონსტიტუციით აღიარებული მიზანი ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ავტორიტარიზმი გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი ვერ იქნება. 

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას და მის ამჟამინდელ ფაქტობრივ მმართველებზე განაწყენებულ სტრატეგიულ მოკავშირეებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ. ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მიმდინარე მცდელობას გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია როგორც ქართველებისთვის, ისე რეგიონული უსაფრთხოების ჩარჩოსთვის – ავტორიტარების ბუნებრივი მოკავშირის, პუტინის მიერ საქართველოს მისაკუთრება განამტკციებს რუსულ-ირანულ კავშირს (დამთხვევა არ უნდა იყოს, რომ გასული წლის ივლისში, საქართველოს პრემიერი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, სადაც გაისმოდა შეძახილები “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”). დასავლეთი კი დაკარგავს მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც კასპიის აუზის ენერგიას რუსეთის გვერდის ავლით ევროპას მიაწვდის. ევროკავშირში ენერგია 100-150%-ით მეტი ღირს, ვიდრე აშშ-ში და ეს შიდა პოლიტიკური ტურბულენტობის წყაროა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის ქვეყნების დეზინტეგრაციის რისკს ატარებს. 

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი ავტორიტარიზმი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს, როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ისე მის სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთიდან სჭირდებათ, ივანიშვილის ერთპარტიულმა სისტემამ ვერც მოკლე, ვერც საშუალო ვადიან პერსპექტივაში ვერ გაიმარჯვოს. 

ეს უკანასკნელი მთლიანად დამოკიდებულია ერთი მხრივ გარე წნეხზე, ანუ ქვეყნის მმართველი ელიტების მიმართ მიზნობრივი სანქციების ზრდაზე (ქვეყნის დასანქცირება და მმართველების ცოდვების გამო საზოგადოების დასჯა უკუეფექტს გამოიწვევს) და მეორე მხრივ მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტის მდგრადობაზე, რომლის ჩახშობასაც ახალი რეპრესიული კანონები ემსახურება. 

თუ არაძალადობრივი და მშვიდობიანი პროტესტი ახალ საფრთხეებს არ შეუშინდება და მმართველი პარტიის საყრდენი ელიტები სანქციების მათზე გავრცელების რისკს დაინახავენ, ავტორიტარულ ვერტიკალს სვეტები შედარებით მალე გამოეცლება და ქვეყანა შეინარჩუნებს შანსს, ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე ტალღისგან გარიყული არ იყოს. დასავლეთი კი თავიდან შეიძენს რეგიონში შეუცვლელ სტრატეგიულ პარტნიორის , რომლის საზოგადოებასაც საქმით ექნება დამტკიცებული ევროპული იდეალების აქტიური მხარდაჭერა.