საქართველო და ევროკავშირი: რას უნდა ველოდოთ?

საქართველო და ევროკავშირი: რას უნდა ველოდოთ?

დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ საქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დიდა­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ამის პარალელურად, უკრაინამ და მოლდავეთმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ სტატიაში ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც, ამ მოვლენების ფონზე, ბევრ ქართველს აინტერესებს: რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში მიღების საკითხს განსაზღვრავს? რა შანსები გვაქვს იმის, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდეს? ასევე, რით აიხსნება საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასა და მოლდავეთთან შედარებით (რომლებმაც სტატუსი ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღეს)?

პირველ რიგში, დავიწყებ იმის ხაზგასმით, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხდება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ჩათვლით, ევროკავშირს ცხრა კანდიდატი ქვეყანა ჰყავს. მათგან ეს სტატუსი ყველაზე ადრე, 1999 წელს, თურქეთმა მიიღო. ანკარასთან ბრიუსელმა 2005 წელს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიც კი დაიწყო. თუმცა ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა და მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდეს.

თურქეთის მსგავსი ისტორია აქვთ სერბეთს, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასაც. სამივე შემთხვევაში, გაწევრიანების პროცესი გაიწელა და ჯერჯერობით მას ბოლო არ უჩანს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სერბეთია, რომლისთვისაც გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ პირობად კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაა წაყენებული.

თუმცა ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამდენ ხანს ელოდება გაწევრიანებას, არ ნიშნავს იმას, რომ პროცესები სხვანაირად ვერ წარიმართება. მაგალითად, ხორვატიამ კანდიდატის სტატუსი 2004 წელს მიიღო, ცხრა წლის შემდეგ კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დააგვირგვინა. იქამდე, ევროკავშირში ხორვატიაზე ბევრად სწრაფად შევიდნენ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები – მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ომმა გლობალური მოვლენები დააჩქარა, შესაძლოა, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შედარებით სწრაფად წარიმართოს. შესაძლოა, საუბარი იყოს სულ რაღაც ათ წელიწადზე და არა თხუთმეტზე, ოცზე ან უფრო მეტზე.

იმის გასარკვევად, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონკრეტულად რა სფეროებში გვაქვს ჩამორჩენა, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შედარება დაგვეხმარება. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილებები სწორედ ევროკომისიის აღნიშნულ ანგარიშებზე დაყრდნობით მიიღო. ქვემოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფ.

პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში რეფორმების პროცესი შეაფერხა „პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ღრმა პოლარიზაციამ, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ნაკლებობამ და საერთო ეროვნული ინტერესის საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის გზაზე არსებულმა დაბრკოლებებმა“. უფრო კონკრეტულად, პარტიებს შორის თანამშრომლობას აფერხებდა ის, რომ პარლამენტში მმართველი პარტია კანონშემოქმედებით პროცესში ოპოზიციას არ რთავდა; ასევე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას ხელი შეუშალა იმანაც, რომ ოპოზიცია (ანგარიშის მიხედვით, „განსაკუთრებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) პარლამენტის საქმიანობას დროდადრო ბოიკოტს უცხადებდა.

ცნობილია, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ანუ მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად, აუცილებელია, რომ მთავრობა და ოპოზიცია ქვეყნის განვითარების საერთო მიმართულებაზე იყვნენ შეთანხმებულნი. სხვა შემთხვევაში, დემოკრატია მდგრადი ვერ იქნება და ნებისმიერ მომენტში ჩამოინგრევა. ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაინახოს, რომ საქართველოში ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი არსებობს.

მეორე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოქმედებს, ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები „არ პასუხობდა ვენეციის კომისიის (2023 წლის მარტისა და ოქტომბრის ანგარიშების) ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს“.

ამის საპირისპიროდ, მოლდავეთისა და უკრაინის შესახებ ევროკომისიის ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ ეს ქვეყნები ძირითადად მიჰყვებოდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მაგალითად, ევროკომისია მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოლდავეთმა „განახორციელა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და ის ყველაზე მნიშვნელოვან კანონებზე ვენეციის კომისიასთან გადიოდა კონსულტაციას”.

ასევე, უკრაინის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ მიუხედავად უპრეცედენტო გამოწვევებისა, კიევი აგრძელებდა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას მართლმსაჯულების სფეროში. მაგალითად, ევროკომისია მიიჩნევს, რომ უკრაინის იუსტიციის უზენაესი საბჭო და მოსამართლეების მაღალი კვალიფიკაციების კომისია ხელახლა დაფუძნდა „გამჭვირვალე პროცესის შედეგად“, რომელშიც „დამოუკიდებელი ექსპერტები შინაარსობრივად იყვნენ ჩართულნი“.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება დეოლიგარქიზაციას. ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ მოლდავეთმა მიიღო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს კოორდინირებისა და მონიტორინგის ინკლუზიური და მყარი მექანიზმების შექმნას. ამავე დროს, მოლდავეთმა უკვე დაუსწრებლად გაასამართლა ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და აღძრა საქმე მეორის წინააღმდეგ.

ევროკომისიის დასკვნების მიხედვით, ამ მხრივ, ნაკლებად სახარბიელო სიტუაციაა უკრაინასა და საქართველოში: ორივეგან მიიღეს კანონები დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომხდარა მათი იმპლემენტაცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საკითხში უკრაინას, საქართველოსთან შედარებით, უპირატესობა აქვს: ის ომშია და, შესაბამისად, მას შეუძლია, რომ ამ მიზეზით გარკვეული მტკივნეული რეფორმების გატარება დროში გაწელოს ან გადადოს.

ამას გარდა, გასათვალისწინებელია ის, რომ განსხვავებით უკრაინისგან, საქართველოში ოლიგარქებს დაახლოებით ერთნაირი გავლენა არა აქვთ პოლიტიკურ პროცესზე. ჩვენთან აშკარად იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება ერთი მთავარი ოლიგარქის მიერ. ასეთი მდგომარეობიდან თავის დაღწევა ბევრად უფრო რთული ამბავია, ვიდრე რამდენიმე გავლენიანი ოლიგარქისთვის სამართლიანი და კანონიერი თამაშის წესების დაწესება. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ბევრად უფრო სწრაფად წავა წინ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, ვიდრე საქართველო, რომელსაც ამ სფეროში ბევრად უფრო ფუნდამენტური გამოწვევები აქვს.

ბოლოს, აღსანიშნავია ის, რომ, ზოგადად, უკრაინასა და საქართველოს შორის მომავალში უფრო მეტი პრიორიტეტი უკრაინას მიენიჭება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანა ჩართულია ეგზისტენციალურ ომში რუსეთის წინააღმდეგ. ევროკავშირისთვის და დემოკრატიული მსოფლიოსთვის უკრაინის დახმარება და გადარჩენა ნომერ პირველ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს ბედი, ამ შემთხვევაში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს კიევი, მოკავშირეების დახმარებით, თავის გადარჩენას და რამდენად წავა ის წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ყველაფერი ზემოთქმული მაფიქრებინებს იმას, რომ მომავალში საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის გზაზე ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებზე ნელა სვლას. თუმცა ეს არ იქნება ისეთივე დროში უსასრულოდ გაწელილი პროცესი, რაც თურქეთის შემთხვევაში გვაქვს. აშკარაა, რომ ბრიუსელი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას, დიდი უმრავლესობით, სურს ქვეყნის ევროკავშირში ხილვა. ახლა საჭიროა, რომ პოლიტიკურმა და გეოპოლიტიკურმა პროცესებმა ამ სურვილის ახდენას შეუწყონ ხელი.