პარიზში დაფუძნებული მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ (RSF) განახლებული რეიტინგის თანახმად, საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ ევროპის მასშტაბით ბოლოდან მეოთხე პოზიციაზეა. RSF-ის ანგარიშში საქართველოს ევროპის კონტინენტზე პრესის თავისუფლებით მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და თურქეთი ჩამოუვარდებიან.
საერთო ჯამში, RSF-ის ანგარიშით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 37 პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად, 180 ქვეყანას შორის 114-ე პოზიციას იკავებს. თურქეთი 159-ე პოზიციაზეა, ბელარუსი – 166-ე, ხოლო რუსეთი 171-ე ადგილზე. ცნობისთვის, რეიტინგის სათავეში კვლავ ნორვეგია, ესტონეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, ფინეთი და დანია არიან წარმოდგენილნი.
როგორც „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) აცხადებს, საქართველოში წელს პრესის თავისუფლების დარღვევების შემთხვევათა რაოდენობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. კერძოდ, RSF-ის ანგარიშით, საქართველოში ერთ წელიწადში პრესაზე 600 თავდასხმა დაფიქსირდა.
RSF-ის თანახმად, მედიის მუშაობაში ოფიციალური პირების ჩარევა საქართველოში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს ძირს უთხრის. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო რჩება მტრული, ხოლო ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების შემთხვევები იზრდება. ორგანიზაციის განცხადებით, „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ მიღებული კანონები სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და ცენზურას აწესებს.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ საქართველოში მედიასივრცეს მრავალფეროვნად და, ამავდროულად, პოლიტიკურად ძლიერ პოლარიზებულად ახასიათებს. RSF-ის შენიშვნით, მანიპულაციისა და სიძულვილის ენა ფართოდ ვრცელდება მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიის საშუალებით. მედიაკომპანიების მფლობელები ხშირ შემთხვევაში კონტროლს უწევენ სარედაქციო კონტენტს. RSF-ს ამის მაგალითად მოჰყავს „რუსთავი 2“-ის სარედაქციო ხაზი, რომელიც მფლობელის ცვლილების შემდეგ შეიცვალა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის ობიექტია.
RSF-ის შეფასებითვე, საქართველოში რეგიონული და სათემო რადიოსადგურები არასაკმარისი დაფინანსების პრობლემას აწყდებიან, ხოლო ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს.
მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყანაში, 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არსებულ ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზეც მიუთითებს. RSF-ის თანახმად, არსებულმა ვითარებამ საქართველო რეპრესიულ გარემოსა და საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანა. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიების მიერ მედიასაშუალებების ფლობას კრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, თავიანთი მფლობელების ინტერესებს იცავენ, რომელთაც პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ. ამავდროულად, ხელისუფლება უარს აცხადებს კრიტიკულ მედიასთან ურთიერთობაზე და ზოგ შემთხვევაში მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას.
RSF-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეასრულა პრესის თავისუფლების შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციები, რაც წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯია. მისივე განცხადებით, ამის საწინააღმდეგოდ, მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი, რომელიც კოპირებს რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობას და ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.
ორგანიზაციის აღნიშვნით, 2024 წლის 28 ნოემბერს, პროევროპული მოძრაობის დაწყების შემდეგ — მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. RSF-ის შეფასებით, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, პრესის წინააღმდეგ 600 თავდასხმა მოხდა, მათ შორის: თვითნებური ჯარიმები, დაპატიმრებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. ორგანიზაციის განცხადებით, ძალადობის ეს ზრდა პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს.













