საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ იანვარ-მარტში?

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობა - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ იანვარ-მარტში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1%-ით გაიზარდა და არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის ექსპორტი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (გაიზარდა 5.7 პროცენტით), იმპორტმა კი 4.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (გაიზარდა 20.1 პროცენტით). შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0% შეადგინა. საქსტატის თანახმად, ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორებს, 642.8 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთის ფედერაცია მესამე ადგილს იკავებს. ცნობისთვის, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია 669.2 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზე კი – თურქეთი 663.3 მილიონი აშშ დოლარით.

ანგარიშზე დაყრდნობით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ თითქმის 130 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი საქონლის საერთო ღირებულებამ კი – დაახლოებით 513 მილიონი აშშ დოლარი. საქსტატის ცნობით, ექსპორტის მაჩვენებელი 19.2%-ით არის შემცირებული, იმპორტის კი 11.8%-ით გაზრდილი.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს 29.2 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია 27.85 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) 19.9 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები (სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული) და კარტოფილი (ახალი ან შეყინული) ასრულებს, შესაბამისად, 10.5 მილიონი აშშ დოლარითა და 10.1 მილიონი აშშ დოლარით.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 156.1 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს 108.8 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ნახშირბადიანი ფოლადის წნელებია (შემდგომი დამუშავების გარეშე) 18.86 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ადგილებს იყოფს მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება და ხორბალი და მესლინი, შესაბამისად, 13.69 მილიონი აშშ დოლარითა და 10.69 მილიონი აშშ დოლარით.