საქართველოდან ტაჯიკეთში ექსპორტი 315.5%-ით გაიზარდა

საქართველოდან ტაჯიკეთში ექსპორტი 315.5%-ით გაიზარდა

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ტაჯიკეთში ექსპორტი 315.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ტაჯიკეთში განხორციელებული ექსპორტის ღირებულებამ 101.67 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მთლიან ექსპორტში მისი წილი 2%-ს შეადგენს. გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოდან ტაჯიკეთში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება თითქმის 24.48 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მაშინ ეს მაჩვენებელი მთლიანი ექსპორტის 0.5%-ს შეადგენდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მკვეთრი ზრდა აღინიშნა ბულგარეთის მიმართულებითაც. ამ შემთხვევაში მაჩვენებლი 189.5%-ით გაიზარდა და 192.57 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, 2025 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.08 მლრდ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (658.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (543.1 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით, რაც მთელი ექსპორტის 38.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 276.2 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 200.7 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი – 13.39 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, 8.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.