საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს - საქსტატი

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა.

2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: ყირგიზეთი თითქმის 1.499 მილიარდი დოლარით, ყაზახეთი 910 მილიონი დოლარითა და
რუსეთი 749.3 მილიონი დოლარით.

იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს

ყირგიზეთის წილი მთლიან ექსპორტში 20.6%-ს შეადგენს, ექსპორტის მაჩვენებელი კი წლიურ ჭრილში 16.4%-ით არის გაზრდილი. ყაზახეთის წილი 12.5%-ს უტოლდება. 2025 წელს საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტი 5.8%-ით გაზიარდა. რაც შეეხება რუსეთს, რომელიც უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს, მისი წილი მთლიან ექსპორტში 10.3%-ს შეადგენს. რუსეთის შემთხვევაში მაჩვენებელი 10.3%-ით არის გაზრდილი.

ათეულს შორის ექსპორტის კუთხით გასული წლის განმავლობაში ყველაზე დიდი, 431.8%-იანი ზრდა, ტაჯიკეთის შემთხვევაში დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ამ ქვეყანაში საქართველოდან დაახლოებით 179.65 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ზრდის მიხედვით მეორე ადგილზე ბულგარეთია, სადაც ექსპორტის მაჩვენებელმა 90.5%-ით მოიმატა და 236.83 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მესამე პოზიციაზე კი, თითქმის 50%-იანი წლიური ზრდით, უზბეკეთია. გასულ წელს აქ საქართველოდან ექსპორტზე 220.18 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

ამავე პერიოდში ყველაზე დიდი, 27.4%-იანი კლება, თურქეთში აღინიშნა. 2025 წელს ამ ქვეყანაში საქართველოდან 332.91 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. 10.5%-ით შემცირდა ექსპორტი სომხეთში და დაახლოებით 552.92 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ათ უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყანას შორის კლება აღინიშნა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც. აქ 2025 წელს საქართველოდან 697.25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 3.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

წყარო: საქსტატი