საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-ივნისში

საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-ივნისში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, თითქმის 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ანგაირშის თანახმად, მათ შორის ექსპორტმა 3.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 13.7%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი თითქმის 8.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.4%-ით.

შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარი-ივნისში, 5.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.

აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8% შეადგინა. მათ შორის პირველ ადგილზე ყირგიზეთია, 681.3 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს, 414.0 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო სამეულს, 341.8 მილიონი აშშ დოლარით, აზერბაიჯანი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის შემთხვევაში წლიურ ჭრილში ექსპორტი შესამჩნევად, 50.3%-ით გაიზარდა. ათეულში ყველაზე დიდი ზრდა კი ბულგარეთის შემთხვევაში აღინიშნა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 106.9% შეადგინა. რაც შეეხება კლებას, ყველაზე დიდი ვარდნა თურქეთის შემთხვევაშია, სადაც ექსპორტი 29.6%-ით შემცირდა.

წყარო: საქსტატი

ამავდროულად, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.7% შეადგინა. პირველ ადგილზე თურქეთია, 1.29 მილიარდი აშშ დოლარით, მას მოჰყვება აშშ, 1.28 მილიარდი აშშ დოლარით და რუსეთი – 950.5 მილიონი აშშ დოლარით.

ამ შემთხვევაში ყველაზე შესამჩნევად გაერთიანებულ სამეფოდან იმპორტი გაიზარდა – წლიურ ჭრილში 502.4%-ით. რაც შეეხება კლებას, საქსტატის ცნობით, ყველაზე შესამჩნევი იაპონიიდან იმპორტის შემცირებაა. აზიური ქვეყნიდან საქართველოში იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.3%-ით შემცირდა.

წყარო: საქსტატი

საბოლოოდ, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან: თურქეთი (1.46 მილიარდი აშშ დოლარი), აშშ (1.32 მილიარდი აშშ დოლარი) და რუსეთი (1.28 მილიარდი აშშ დოლარი).

საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარი-ივნისში
წყარო: საქსტატი