საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით ინიციატივების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ამისათვის, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებმაც სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს. პროექტი გრძელდება და პროგრამის გამარჯვებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სასტიპენდიო პროგრამაში სტიპენდიატების გამოსავლენად პარტნიორი უნივერსიტეტები კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს ინდივიდუალურად ადგენენ. შემდეგ კი გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მქონე სტუდენტები გასაუბრებას გადიან ჟიურის წევრებთან.

სტიპენდიის მიღება შეუძლია ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე. ამისათვის, საჭიროა, კანდიდატი იყოს პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველკურსელები სტიპენდიას მიიღებენ ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად. მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეთ.

შერჩევის კრიტერიუმებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის არის Fulbright-ისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი აშშ-ს საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, შესაძლებლობას აძლევს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ხარჯების 100%-იანი დაფინანსება აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 12 სტიპენდიატი, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში კი 27-მა სტუდენტმა ისწავლა დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს ბანკის დაფინანსებით. ამასთან, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ გერმანიაში, Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის ფარგლებში უკვე გამოვლინდა ოთხი სტიპენდიატი.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს – csr.bog.ge.

S