საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-10 საიუბილეო თბილისიმარათონი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-10 საიუბილეო თბილისიმარათონი გაიმართა

საქართველოს ბანკი სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში, რიგით მე-10, საიუბილეო თბილისიმარათონი ჩატარდა.

ნახევარმარათონი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით გაიმართა და სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო. თბილისიმარათონი 3 გარბენისგან შედგებოდა: ნახევარმარათონი (21,097 კმ); 10-კილომეტრიანი გარბენი და ბავშვთა გარბენები (6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ).

მარათონის მონაწილეებმა წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბინეს. მიზანი იდენტურია – ღონისძიებიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ წლევანდელ ბენეფიციარს – ფერადი ქალაქი – აუტიზმის ეროვნული ცენტრის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოახმარს.

„ამ დრომდე ქვეყანაში არსებული ყველა ცენტრი მხოლოდ 16 წლამდე აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიას ემსახურება. 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის არ არსებობს არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ფერადი ქალაქი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აშენებენ, რეგიონული მასშტაბის პროექტია, სადაც ბენეფიციარები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს განივითარებენ“,- აცხადებენ თბილისიმარათონის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს. სულ გარბენში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ადამიანმა 47 ქვეყნიდან და 600- მდე ბავშვმა.

2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდა.