საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მოიპოვა

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მოიპოვა

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა წელს უკვე 23-ედ სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები დაასახელა. საქართველოს ბანკმა ჯილდო რამდენიმე კატეგორიაში მოიპოვა.

„საერთაშორისო და მაღალრეიტინგული გამოცემის მიერ ამდენ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელება, დიდ აღიარებასთან ერთად, ჩვენი მომხმარებლების წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობასაც ნიშნავს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ვახტანგიშვილმა.

Global Finance-ი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც უკვე 35 წელია 190 ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟიურის მეშვეობით სხვადასხვა კატეგორიაში ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს. წელს, საქართველოს ბანკი დასახელდა, როგორც საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში გარდა ამისა, საქართველოს ბანკის მობილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს მომხმარებლებისთვის, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული კლიენტებისთვის სხვადასხვა კატეგორიაში. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ამას არ დასჯერდა და ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკადაც დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან, ბანკი საუკეთესოა ციფრული შეთავაზების, სადეპოზიტო, საბარათე და საინვესტიციო პროდუქტებისა და სერვისების კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკის მთლიანი ტრანზაქციების 96%+ ციფრულად ხორციელდება. ფინანსურ ინსტიტუტს ინტერნეტ/მობილ ბანკში ყოველთვიურად მილიონამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი მიღებულ ჯილდოებს მომხმარებლის დამსახურებად მიიჩნევს, ვინც მათ გუნდს აძლევს მოტივაციას არ გაჩერდნენ. „ასევე, ამ ყველაფერში თითოეული იმ თანამშრომლის დიდი წვლილია, რომელიც მომხმარებლის ხმას უსმენს და დაუღალავად ზრუნავს იმისთვის, რომ მის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ციფრული ბანკის თვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე საშუალოდ 30-35%-ით იზრდება. მათი კმაყოფილების მაჩვენებელი კი 100-დან 91 ქულას შეადგენს.

მომხმარებელთა კმაყოფილების ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ Global Finance-მა წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციაც მომხმარებლისთვის საუკეთესოდ აღიარა.

„მრავალწლიანმა პანდემიამ დააჩქარა ბანკების დიგიტალიზაციის მცდელობები და შესაბამისად, ბაზარი ციფრული შეთავაზებების სწრაფი ევოლუციის მოწმე გახდა“, – თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, – „ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც გაუმჯობესებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვისას ძალისხმევა არ დაიშურეს, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად დასახელდნენ კიდეც“, – განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ბანკი საერთაშორისო გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებისთვის საუკეთესოდ უკვე მეორედ დაასახელა. გამარჯვებული ბანკები შეირჩა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: ვებ პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის და ა.შ.

„ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები, როგორც ჩანს, არ რჩება ყურადღების მიღმა არც ბიზნესის და არც საერთაშორისო გამოცემების მხრიდან“, – აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს ჯილდო არის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, იყვნენ მაქსიმალურად ახლოს მომხმარებელთან, საჭირო დროს და საჭირო ადგილას.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული ბანკები აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეირჩა. საუკეთესო ციფრული ბანკები Global Finance-ის რედაქტორებმა, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის გლობალურმა ლიდერმა, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. ისინი შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინეს: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული  გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი.

„ინოვაციური გადაწყვეტისა და ახალი შესაძლებლობების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას”, – აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *