რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკმა რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ფუფუნების კატეგორიის პროდუქტების შესყიდვებზე შეზღუდვა დააწესა.
კერძოდ, РБК-ის ცნობით, ქვეყანაში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ფუფუნების კატეგორიის პროდუქციის ყიდვა, რომლის ღირებულებაც 300 აშშ დოლარს ან ევროს აღემატება, იზღუდება. როგორც გამოცემა წერს, ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან ფუფუნების საგნებზე რუსეთის წინააღმდეგ 2022 წელს დაწესებულ სანქციებს აქამდე უშუალოდ პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიები აკონტროლებდნენ, ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს შეზღუდვებს ბანკი გააკონტროლებს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს ბანკის რუსეთში რეგისტრირებულ მომხმარებლებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეხებათ.
„ტაბულასათვის“ საქართველოს ბანკის მიერ მიცემული კომენტარის თანახმად, „საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს“.