საქართველოს ენერგეტიკულ-პოლიტიკური მომავალი რესურსების ტრანსფორმაციის ეპოქაში

საქართველოს ენერგეტიკულ-პოლიტიკური მომავალი რესურსების ტრანსფორმაციის ეპოქაში

საავტორო სვეტში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორის პირად შეხედულებას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

ცნობილია, რომ ამჟამად ვიმყოფებით ენერგიის ტრანზიციის ეპოქაში, რაც ტრადიციულიდან განახლებად ენერგიებზე გადასვლას გულისხმობს. აღნიშნული სტატია განიხილავს, თუ როგორ შეეხება ენერგიის ტრანზიციისა და ტრანსფორმაციის პროცესები იმპორტზე დამოკიდებულ პატარა და სუსტ სახელმწიფოებს. საქართველოს მაგალითზე ნაჩვენებია, რა გავლენას მოახდენს განახლებადი ენერგიების დანერგვა ტრადიციული რესურსების იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის, რომელთაც საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის ბერკეტები არ გააჩნიათ. პროცესები, რომლებიც გაიარა საქართველომ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოპოლიტიკის კუთხით, ხასიათდებოდა პოლიტიკური ზეწოლით ენერგიის იმპორტიორი სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში რუსეთის) მხრიდან. შესაბამისად, განახლებადი ენერგიების პოტენციალის განვითარება გარდამტეხი იქნება აღნიშნული ქვეყნებისთვის, ისევე როგორც შესაძლებლობა, გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და, თუნდაც, რეგიონალური მასშტაბით მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ენერგეტიკული უსაფრთხოება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც გულისხმობს რესურსების სტაბილურ მიწოდებას მისაღებ ფასად, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს ხელმისაწვდომობას თითოეული მოქალაქისთვის და დაცვას როგორც ტექნიკური შეფერხებებისგან, ისე დივერსიებისა და საგანგებო მდგომარეობისგან. სამწუხაროდ, არ არსებობს აბსოლუტური ენერგოუსაფრთხეობა, ისტორია აჩვენებს, რომ კონფლიქტები, პოლიტიკური კავშირები და დაძაბულობა ქმნიდა რესურსების საგარეო პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საფრთხეს, ამ რისკებში შედის ენერგიის შეწყვეტა, გაძვირება, მოთხოვნის სწრაფი ზრდა, შესაბამისად, მიწოდების შემცირება და ა.შ.

საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ტრადიციული ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს რეგიონში მდებარეობს, უახლოეს დრომდე მნიშვნელოვანი დეპოზიტები არ ყოფილა აღმოჩენილი. თუ არ ჩავთვლით ვარაუდებს, რომლებსაც საფუძველს უმაგრებს შავ ზღვაში თურქეთის, რუმინეთის, აღმოჩენები. აღნიშნული აღმოჩენების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი ინფორმაციას შავი ზღვის ქართულ სექტორში მნიშვნელოვანი რაოდენობის ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოების სავარაუდო არსებობის შესახებ. გარდა მეზობელ ქვეყნებში გაზის მნიშვნელოვანი მარაგების აღმოჩენისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნავთობისა და გაზის მრავალრიცხოვანი საბადოები არსებობს, რომლებიც მიმოფანტულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები იწყება მე-19 საუკუნიდან და სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს;

  1. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1929 წლამდე, როდესაც საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა პრიმიტიული ტექნოლოგიებით დედამიწის ზედაპირთან ახლოს, ამას თან დაერთო ბაქოში ე.წ. „ნავთობის ბუმი“, რამაც კერძო პირებისა და ბიზნესების დაინტერესება გადაიტანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, დიდი ბუდობების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.
  2. საბჭოთა პერიოდი 1929-1991 წლებში. ამ პერიოდში აღმოჩენილ იქნა მირზაანის საბადო და 1974 წელს აღმოჩენილი ყველაზე დიდი სამგორის საბადო.
  3. მესამე ეტაპი იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, სადაც თავდაპირველად მოღვაწეობდა სამი უცხოური კომპანია: „ფრონტერა“, „კანარგო“ და „ანადარკო“.

მიუხედავად მოპოვებითი სამუშაოების ხანგრძლივი ისტორიისა, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, საქართველო ძირითადად ბაქოს ნავთობისა და გაზის ბუნებრივი სატრანზიტო გზა გახლდათ. ყველაზე ძველი წყარო თარიღდება 1580 წლით, რომელიც ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ 1-ის ეპოქას ეკუთვნის. დედოფლის მხარდაჭერით ჯეფრი დეკეტმა ბაქოში გახსნა სავაჭრო სახლი, ამ პერიოდის წყაროებში საქართველო სატრანზიტო ქვეყნად არის მოხსენიებული. ბაქოს ნავთობის ევროპისა და საერთაშორისო ბაზარზე გადატანა საქართველოს გავლით დაკავშირებულია სამ დიდ ფინანსურ ჯგუფთან, რომლებიც ბაქოს ნავთობის წარმოებას, ტრანსპორტირებასა და კომერციალიზაციას კურირებდნენ. ესენი იყვნენ შვედი ძმები ნობელები, ფინანსური მაგნატი როტშილდი და ბრიტანელი კომერსანტი მარკუს სამუელი. როტშილდები კავკასიაში შემოვიდნენ და 1879 წელს ააშენეს ტრანსკავკასიური რკინიგზა, რომელიც მაშინვე დაიტვირთა ნავთობით. ბათუმში როტშილდებმა ნავთობის სავაჭრო კომპანია BNITO დააარსეს, ნობელებმა კი ბათუმში დააფუძნეს შავი ზღვის ნავიგაციისა და ვაჭრობის კომპანია (ჯერვალიძე, 2017).

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადის ოთხი საერთაშორისო მნიშვნელობის მილსადენი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი“, „სამხრეთკავკასიური“, იგივე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენი“, რომელიც რუსული გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს სომხეთის მიმართულებით და ბაქო-სუფსის, იგივე „დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო ნავთობსადენი“. აქედან, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის“ და „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ მნიშვნელობა უპრეცედენტოა, ვინაიდან ეს მილსადენები გარს უვლის რუსეთს და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს ენერგიის დივერსიფიცირების საუკეთესო განხორციელებულ მაგალითს, რომელმაც გაზარდა კასპიის რეგიონის ნავთობისა და გაზის როლი ევროკავშირის იმპორტში საქართველოს გავლით.

საქართველოს დამოკიდებულება ენერგიის იმპორტზე ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენდა და ქმნიდა პრობლემებს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ისეთ უმსხვილეს მწარმოებლებთან გეოგრაფიული სიახლოვე, როგორებიც არიან რუსეთი და აზერბაიჯანი, წარმოქმნის ტრადიციული რესურსების დივერსიფიცირებისა და განახლებადი ენერგიების დანერგვის აუცილებლობას. -უნდა აღინიშნოს მთავარი საფრთხეები საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით:

  • ენგური ვარდნილის კასკადი და უკონტროლო მოხმარება აფხაზეთში – ენგური ვარდნილის კასკადი საქართველოს ელექტროენერგიის ნახევარს გამოიმუშავებს და, ნაწილობრივ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული. საფრთხეს წარმოადგენს აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის უკონტროლოდ მზარდი გადაუხდელი მოხმარება. შესაძლებელია, რომ ენგურის მომარაგების საფრთხე გამოყენებულ იქნეს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების იარაღად.
  • გაზის და ელექტროენერგიის იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ გაზის შეწყვეტით, არამედ გაზის შეწყვეტის მუქარითაც. რუსეთიდან გაზის შეწყვეტის რისკები ნაწილობრივ დაბალანსებულია სომხეთის მომარაგების საჭიროებით, თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულება როგორ განვითარდება გრძელვადიან პერიოდში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და რთულია პროგნოზირება. გარდა ამისა, სამხრეთკავკასიური გაზსადენი, რომელიც 300 კმ-ს გაივლის აზერბაიჯანში, არ არის დაზღვეული ტექნიკური შეფერხებებისგან, რასაც ადგილი ჰქონდა შაჰ-დენიზის საბადოზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში გამავალი ნავთობისა და გაზის საბადოების დაზიანება. 2016 წელს რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქების ჩაშლილი მცდელობა შეიძლება გამხდარიყო მილსადენის დაცვის საბაბით სამხედრო ინტერვენციის გამართლება.
  • კიბერშეტევები – 2008 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე განხორციელდა კიბერშეტევა თურქეთში.
  • სატრანზიტო შესაძლებლობების გამოუყენებლობა – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადის უმნიშვნელოვანესი მილსადენები, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის 40% ჯერ კიდევ აუთვისებელია.
  • ადგილობრივი რესურსების აუთვისებლობა.
  • მზის, ქარისა და ბიომასის რესურსების პოტენციალის სრული განვითარება და განახლებადი ენერგიების დანერგვის აუცილებლობა.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტირებული ბუნებრივი აირის 36% (2024) რუსეთის ფედერაციიდან შემოდის ქვეყანაში, 70-80% კი აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება ნავთობს, იმპორტის 30-40% მოდის აზერბაიჯანზე, 50-60% – რუსეთის ფედერაციაზე, ხოლო თურქეთზე – 10-20%. ელექტროენერგიის იმპორტირების კუთხით საქართველოს მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია იმპორტის წილით 70-80%, დაახლოებით 40-50%-ს უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაცია.

მნიშვნელოვანი შეზღუდვა არის ის, რომ საქართველოში არსებული თბოელექტროსადგურები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ძირითადად აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ამჟამად არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიას და ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება მოწოდება, ამ დამოკიდებულებების გათვალისწინებით, რეკომენდებულია სხვადასხვა განახლებადი ენერგიების განვითარება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის მიზნიდან გამომდინარე, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მითუმეტეს – „გაყინული“ კონფლიქტების ფონზე მეზობელ სახელმწიფოსთან.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ერთადერთი გზა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად არის განახლებადი ენერგიების დანერგვა, მაგალითად ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ამ კუთხით, საქართველოს აქვს პოტენციალი სამი რეზერვუარული ჰესის ასაშენებლად. ესენია: ხუდონი ჰესი (1,7 მლრდ.კვტ/სთ), ნენსკრა ჰესი (1,2მლრდ კვტ/სთ) და ნამახვან ჰესი (1,5მლრდ კვტ.სთ). ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ჰიდროპოტენციალი მდინარის ჰესებისთვის არის 56 მლრდ კვტ/სთ (EPRS, 2023). 2033 წლისთვის საქართველოს აღნიშნული პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში შეუძლია ელექტროენერგიის იმპორტის ნაცვლად, ელექტროენერგიის ექსპორტით მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მიიღოს და დამოუკიდებელი გახდეს იმპორტირებული ნედლეულისგან. ელექტროენერგიის ექსპორტით (56-20=36) მლრდ კვტ/სთ-ით საქართველო მიიღებს 1,5 მილიარდ აშშ დოლარის დამატებით შემოსავალს და შიდა ენერგოუზრუნველყოფას.

რაც შეეხება ქარის ენერგოპოტენციალს, რომელიც 5 მლრდ კვტ/სთ-ით არის შეფასებული, ხოლო მზის ენერგიის 0,695 მლრდ კვტ/სთ-ით. ამჟამად ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 20% არის ათვისებული, ხოლო ქარის პოტენციალის – 1.7%, რაც შეეხება მზის დიდ ელექტროსადგურებს, ისინი ჯერ არ არის აშენებული (Scientific Wind Energy Center, 2004). ამ რესურსების განვითარებით საქართველო შეძლებს იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლებას, რაც გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

აქვე უნდა აღინიშნოს შავი ზღვის წყალქვეშა საკაბელო პროექტი, რომელიც ფართო შესაძლებლობებს ხსნის ელექტროენერგიის ექსპორტისთვის, პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას 1195 კმ-ზე. რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიისა და ევროპის რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. აღნიშნული კაბელი მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ქვეყანა აქამდეც დაკავშირებული იყო ევროპასთან საერთაშორისო მილსადენებით, მაგრამ მხოლოდ თურქეთის გავლით, შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელი კი საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას განსაკუთრებულ ხარისხში აიყვანს, ვინაიდან დროსთან ერთად მოთხოვნა ენერგიაზე იზრდება და, შესაბამისად, იზრდება იმპორტირებული ნედლეულის ფასი, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობა ცალსახაა.

რომ შევაჯამოთ, მზარდი დამოკიდებულება ენერგიის იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, ნაკლებად თავისუფალი საგარეო პოლიტიკის საშუალებას იძლევა საქართველოს მსგავსი იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფოებისთვის. ენერგიის ტრანზიცია განსაკუთრებული შესაძლებლობაა ამ რანგის ქვეყნებისთვის, როგორც ეკონომიკური გაძლიერების, ისე დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების კუთხით, რაც მსგავსი შესაძლებლობების მქონე „პატარა“ ქვეყნებს ისტორიულად არ ხელეწიფებოდათ.

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენერგო-გეოპოლიტიკის ლექტორი და მკვლევარი