საარჩევნო სისტემა წამყვან საკითხად იქცა წლევანდელ მოლაპარაკებებზე მმართველ „ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის. 2020-ის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ბოიკოტი აქვს პარლამენტისთვის გამოცხადებული. მარტის ბოლოს მდგომარეობით, პოტენციური შეთანხმების კონტურები ჯერ არ ჩანს. შედეგი არც ევროპის საბჭოს ჩართულობას გამოუღია, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თბილისში ვიზიტს მოიცავდა. სანამ არაა კომპრომისი, ქართული საარჩევნო სისტემის მომავალი ბუნდოვანი რჩება.
ოფიციალური გეგმით, 2024-ის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, თუმცა 5%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. გასული წლის არჩევნები გარდამავალი სისტემით ჩატარდა, რომელიც აშკარად უფრო პლურალისტური იყო, ვიდრე წინამორბედი (2008 – 2016-ის სისტემა), მაგრამ მმართველ პარტიას მაინც მყარი უმრავლესობა მოუტანა პარლამენტში. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, თუმცა შიშობს, რომ ორივე სისტემა (როგორც 2020-ის, ისე 2024-ის) „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
შედარებით მცირე პარტიებისთვის დამატებითი სადარდებელია, რომ 5%-იანმა ბარიერმა შესაძლოა ისინი პარლამენტს მიღმა დატოვოს ან არასასურველ კოალიციებში შესვლა აიძულოს. ამას ემატება შიში, რომ უდიდესი ოპოზიციური პარტია – ტიტული, რომელიც ჯერ ისევ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) ეკუთვნის – „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში ერთპარტიული მმართველობის ტრადიციას გააგრძელებს. სისტემა, რომელიც ამჟამინდელ მმართველ პარტიას დაუბალანსებელი ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ანალოგიურად დაეხმარება მის მემკვიდრესაც. ამის დასტური თავად „ქართული ოცნების“ მმართველობაა, რომელმაც წარმატებით დააშენა საკუთარი ძალაუფლება 2004 – 2012 წლების ენმ-ის ჩაყრილ ერთპარტიულ ფუნდამენტზე.
ხელისუფლების შტოების ბალანსის ნაკლებობის ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობის კონტროლს ქვეყანაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სასამართლო სისტემა მმართველ პარტიასთანაა გადაჯაჭვული და თვითმმართველობის ისედაც სუსტ მექანიზმებსაც გამარჯვებული ძალა აკონტროლებს. პარალელურად, ყველა დონის სახელმწიფო თანამდებობები გამოიყენება ჯილდოდ ერთგული წევრებისა და აქტივისტებისთვის. ასე შერჩეული კორუმპირებული თანამდებობის პირები, ბუნებრივია, ცდილობენ, ნებისმიერ ფასად შეუნარჩუნონ ძალაუფლება თავიანთ პარტიას. ამდენად, მყარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფლობა საქართველოში ავტორიტარული მიდრეკილებების ტოლფასი ხდება.
რა უნდა გაკეთდეს, რომ პირველადგილოსან პარტიებს პარლამენტში უმრავლესობის მიღება ზედმეტად არ გაუადვილდეთ? ლიბერტარიანული პარტია „გირჩი“ გამოსავალს სრულად პროპორციულ, “ბუნებრივბარიერიან” სისტემაში ხედავს. ასეთი სისტემა საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობას ყველა ძალას მისცემს, რომელიც ერთი ადგილისთვის საკმარის ხმებს მოიპოვებს. 150-ადგილიანი პარლამენტის პირობებში ეს 0.67%-იან ბარიერს ნიშნავს (აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა 2.9%-ის მიღების შემდეგ „გირჩი“ ორ პარტიად გაიყო, მაგრამ ორივე ფაქტობრივად ერთ სახელს ინარჩუნებს).
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამოჟონილი ინფორმაციით – სულ ცოტა, ოპოზიციის მხრიდან – პოტენციურ კომპრომისად განიხილება სრულად პროპორციული სისტემა 2%-იანი ბარიერით. ასეთი სისტემა ბუნებრივბარიერიანის მსგავსი შედეგების მომტანია, ოღონდ ამცირებს შიშს, არჩევნებში მონაწილეობა ზედმეტად ბევრმა პარტიამ არ მიიღოს, ილუზიით, რომ 10,000-მდე ხმის მოგროვების შანსი ყველას აქვს (რიცხვი, რომელიც აქტიური ქართველი ამომრჩევლის 0.67%-თან ახლოსაა).
ნებისმიერ შემთხვევაში, საარჩევნო სისტემას ნამდვილად გადამწყვეტი გავლენა ექნებოდა ერთპარტიული მმართველობისადმი ქართული პოლიტიკის მიდრეკილებაზე. ამის უკეთ ჩვენებისთვის, შევაფასე, როგორ შეცვლიდა სხვადასხვა სისტემა პირველადგილოსანი პარტიის წილს ბოლო ოთხ პარლამენტში (2008, 2012, 2016, 2020). შედეგები ასევე შევადარე ევროსაბჭოს 41 წევრი ქვეყნის პირველადგილოსანი პარტიის წილებს მათ ამჟამინდელ საკანონმდებლო ორგანოებში.
2008 – 2016-ის შერეული სისტემა
2008-ის, 2012-ისა და 2016-ის არჩევნების დროს მოქმედი შერეული სისტემა საპარლამენტო ადგილების დაახლოებით ნახევარს ანაწილებდა ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით. მეორე ნახევარი პროპორციულად ნაწილდებოდა ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების შესაბამისად, 5%-იანი ბარიერით. მსგავსი სისტემა მოქმედებს რუსეთსა და უნგრეთში, სადაც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში დაინერგა.
რუსეთისა და უნგრეთის მსგავსად, შერეული სისტემა საქართველოს პარლამენტშიც სტაბილურად მძლავრ ერთპარტიულ უმრავლესობებს ქმნის. მან 119 ადგილი (ჯამური 150-ის თითქმის 80%) არგუნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2008-ში, და 115 – „ქართულ ოცნებას“ 2016-ში. საკონსტიტუციო უმრავლესობებმა ორივე მმართველ პარტიას გაუადვილა ძალაუფლების უკიდურესი კონსოლიდაცია და კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგება (ორივე შემთხვევაში პროცესი პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“, პანდემიის ფონზე, კრიზისი მოინელა და ძალაუფლების შენარჩუნება შემდგომ არჩევნებზეც მოახერხა).
2020-ის არჩევნებიც რომ ასეთივე შერეული სისტემით ჩატარებულიყო, „ქართულ ოცნებას“ რეკორდული 122-ადგილიანი (81%) უმრავლესობა ექნებოდა – ანუ 32 ადგილით მეტი, ვიდრე გარდამავალი სისტემით მიღებული.
ეს რიცხვები კიდევ უფრო გამაოგნებელი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ენმ-მა 2008-ის არჩევნებში ხმების 60%-ზე ნაკლები მიიღო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” 2016-შიც და 2020-შიც – საერთოდ ნახევარზე ნაკლები. გამონაკლისი შემთხვევა, როცა შერეულმა სისტემამ არ შექმნა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა, 2012 წლის არჩევნები იყო – ჯერჯერობით ერთადერთი საქართველოს ისტორიაში, როცა ძალაუფლების გადაბარება პირდაპირ არჩევნებით მოხერხდა.
2020-ის გარდამავალი სისტემა
2020-ის გარდამავალი სისტემა 2019 წლის პოლიტიკური კრიზისის პროდუქტია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროტესტის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ შერეულ სისტემას სრულად პროპორციული, „უბარიერო“ სისტემა ჩაანაცვლებდა. მოგვიანებით, ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წნეხი გახდა საჭირო, რომ პირობა ნაწილობრივ მაინც შესრულებულიყო. შედეგად მიღებულ გარდამავალ სისტემას არ გაუუქმებია ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები, თუმცა მათი რაოდენობა 73-დან 30-მდე შეამცირა. შესაბამისად, პროპორციულად განაწილებული ადგილების რაოდენობა 77-დან 120-მდე გაიზარდა. დამატებით, ბარიერიც პარტიებისთვის 5%-დან 1%-მდე შემცირდა.
შედეგად, პარლამენტში ადგილები რეკორდულმა რაოდენობამ, 9 პარტიამ მიიღო, თუმცა მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ერთმანდატიანი ოლქების შემცირებული რაოდენობაც ეყო. პროპორციული წესით მიღებულ 60 ადგილს „ქართული ოცნება“ ერთმანდატიანი ოლქების ხარჯზე, სავარაუდოდ 85-მდე მაინც გაზრდიდა – ოპოზიციას მეორე ტურის ბოიკოტი რომც არ გამოეცხადებინა. ბოიკოტის ფონზე 30-ვე ოლქის მოგებამ „ოცნების” უმრავლესობა კომფორტულ 90 ადგილამდე დაამრგვალა.
2008-ისა და 2016-ის არჩევნები 2020-ის გარდამავალი სისტემით რომ ჩატარებულიყო, მმართველი პარტიები მაშინაც მყარ უმრავლესობას მოიპოვებდნენ. მაგრამ, ორივე შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი, საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც არ ექნებოდათ. 2012 წლის არჩევნები აქაც გამონაკლისად რჩება: მისი შედეგები, ფაქტობრივად, საარჩევნო სისტემისგან დამოუკიდებელი იყო.
2024-ის პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით
არაა გასაკვირი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ერთმანდატიან ოლქებზე სრულად უარის თქმის სანაცვლოდ, მომდევნო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის დაბრუნება დაგეგმა. ოთხივე არჩევნების შემთხვევაში, პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით თითქმის იმავე შედეგს მოგვცემდა, რასაც შარშანდელი გარდამავალი სისტემა. ისევე, როგორც ზევით განხილული სისტემები, ისიც შესაძლებელს გახდიდა ხმების ნახევარზე ნაკლებით მყარი საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. მეტიც, 2016-ის და 2020-ის არჩევნებშიც „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტ ადგილს მოუტანდა, ვიდრე გარდამავალი სისტემა (91 და 96 ადგილი, 89 და 90-ის ნაცვლად).
გარდამავალი სისტემის მსგავსად, 2024-ის სისტემა არ შექმნიდა საკონსტიტუციო უმრავლესობებს, მაგრამ მმართველ პარტიას ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაში დაეხმარებოდა, სანამ 2012-ის ციხის სკანდალის სიმწვავის პოლიტიკურ კრიზისს არ შეეჯახებოდა.
ალტერნატივა: პროპორციული სისტემა ბუნებრივი ან 2%-იანი ბარიერით
უბარიერო პროპორციული სისტემა გაცილებით დაბალანსებულ პარლამენტს მოგვცემდა როგორც 2016-ში, ისე 2020-ში, სადაც პირველადგილოსან „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, 74 და 76 ადგილს მოუტანდა. შეადარეთ ეს რიცხვები 2016-ში შერეული სისტემით მიღებულ 115 ადგილს, და 2020-ში გარდამავალი სისტემით მიღებულ 90-ს. 2008 წლის არჩევნების შემთხვევაში, ბუნებრივბარიერიანი სისტემა ენმ-ის 119 ადგილს თითქმის 30-ით შეამცირებდა.
იმ დაშვებით, რომ ბარიერი პარტიებს შორორის ამომრჩევლის ხმების განაწილებაზე დიდ გავლენას არ მოახდენდა, ბუნებრივბარიერიანი სისტემა პირველადგილოსან პარტიას ოთხივე არჩევნებში ნაკლებ ადგილს მოუტანდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა სისტემა, და შეუსაბამოდ ერთპარტიულ მმართველობებს გამორიცხავდა.
პროპორციული სისტემა 2%-იანი ბარიერით პირველადგილოსან პარტიებს ოდნავ მეტ, თუმცა მსგავსი რაოდენობის ადგილებს მიანიჭებდა.
საქართველო ევროსაბჭოს სახელმწიფოების ფონზე
ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, ევროსაბჭოს წევრების ფონზე საქართველოში პირველადგილოსანი პარტიის წილი პარლამენტში მაინც განსაკუთრებით დიდი იქნებოდა. ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაშიც კი, ყველაზე ცოტა, რაც პირველადგილოსან პარტიას შეიძლება მოეპოვებინა, 74 ადგილი (2016-ში) – ანუ პარლამენტის წევრთა თითქმის ნახევარი (49.3%) – იქნებოდა. ეს მინიმალური რიცხვიც კი უფრო მაღალია, ვიდრე პირველადგილოსანი პარტიების ამჟამინდელი წილი ამ ანალიზში გამოყენებულ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობაში. 2021 წლის მონაცემებით, ევროსაბჭოს 41 წევრი ქვეყნიდან 30-ის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში წამყვან პარტიას ადგილების 49%-ზე ნაკლები აქვს. მეტიც, 26 ქვეყანაში, ბოლო არჩევნების შედეგად, არც ერთ პარტიას არ მიუღია ადგილების 40%-ზე მეტი, ხოლო მათგან 12 ქვეყანაში – 30%-ც კი.
(ანალიზი არ ფარავს ბელარუსსა და აზერბაიჯანს, რამდენადაც პარტიული პოლიტიკის ცნება ამ ქვეყნების რეალობას ნაკლებად ესადაგება)
ეს რიცხვები, ცხადია, დრამატულ კონტრასტშია ერთპარტიული მმართველობის ქართულ მისწრაფებასთან. და კონტრასტი კიდევ უფრო დრამატული გახდება, თუ საქართველო ვერ შეძლებს დაბალბარიერიანი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას.
წინა შერეული სისტემა ოთხიდან სამ არჩევნებში საქართველოს ევროსაბჭოს 41-ივე წევრზე მაღლა მოაქცევდა, პარლამენტში პირველადგილოსანი პარტიის 77%-ზე დიდი წილით. ამჟამად ევროსაბჭოს მხოლოდ ორ წევრ ქვეყანაშია ადგილების 70%-ზე მეტის მქონე ერთპარტიული უმრავლესობა: რუსეთსა და სერბეთში.
2020-ის გარდამავალი სისტემა საქართველოს ამ ორ ქვეყანაზე ქვემოთ – უნგრეთს, სომხეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის – დააყენებდა, თუმცა ევროსაბჭოს დანარჩენ 35 ქვეყანაზე მაღლა: არც ერთ ამ ქვეყანაში პირველადგილოსან პარტიას უკანასკნელ არჩევნებში ადგილების 55%-
ზე მეტი არ მოუპოვებია.
რაც მთავარია: პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით, რომლითაც 2024 წლის არჩევნები ჩატარდება (თუ მანამდე არაფერი შეიცვალა), საქართველოს თითქმის იდენტურ ადგილას აქცევს – ევროსაბჭოს 6 ყველაზე არაპლურალისტურ ქვეყანას შორის. ამ ფონზე, დაბალბარიერიანი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის საუკეთესო შანსია, დაბალანსებული პარლამენტი მივიღოთ და ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცეს კოალიციურ მთავრობას. ამის მიღწევა შესაძლოა მანკიერი წრის გარღვევის სიგნალიც გახდეს, რომელზე მოძრავი მმართველი პარტიებიც ტოლკინის შეპყრობილი პერსონაჟებივით ებღაუჭებიან თავიანთ მზარდ, დაუბალანსებელ ძალაუფლებას.
ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.ge