„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საქართველოს „საკანონმდებლო კოდექსში“ ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება.
დღევანდელ სხდომაზე ინიციატივის წარდგენის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგისას განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ 2011 წელსაა მიღებული, რის შემდეგაც მასში 100-ზე მეტი ცვლილება შევიდა, ამიტომ, აღნიშნული ცვლილებების გამო, ტექსტი რთულად აღსაქმელი გახდა, ზოგიერთი ნორმა დუბლირებულია, კოდექსის დიდი ნაწილი კი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია. პაპუაშვილის განცხადებით, სტრუქტურა მოწესრიგებას საჭიროებს, რის გამოც კოდექსის სრული გადამუშავება უკვე რამდენიმე წელია, რაც დღის წესრიგში დგას.
კოდექსის ერთ-ერთი ცვლილება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს ეხება. პარლამენტში ინიციირებული კანონმდებლობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ. შესაბამისად, უცხოეთში საარჩევნო უბნებზე მისვლის ნაცვლად, არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მათ საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ.
ბრიფინგის მსვლელობისას, პაპუაშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში არაფერი იცვლება და ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. თუმცა, მისივე თქმით, ამის „ერთადერთი პირობა, არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“.
„კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება.
ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის ერთ-ერთ მიზეზად პაპუაშვილმა გარე ჩარევების მიმართ მსოფლიო მასშტაბით არჩევნების მოწყვლადობა დაასახელა. მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებმაც კარგად აჩვენა, თუ რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე უცხოეთიდან მიღებული საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა. პაპუაშვილის განცხადებით, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც „უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას“.
„ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოხმაურება უკვე მოჰყვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან. ოპოზიციური ფრთა საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას ანტიდემოკრატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ხერხით, „ივანიშვილის მთავრობა“ მოქალაქეებს კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებას ართმევს.
პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებით, მიზეზი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო არის ის, რომ ისინი ემიგრაციაში საარჩევნო ხმების კონტროლს ვერ ახერხებენ. „ეს არაა თავდასხმა მხოლოდ ემიგრანტებზე, მათ სამოქალაქო თავისუფლებაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე – ეს არის არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა, საქართველოში დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ.
პაპუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას „ქართული ოცნების“ „კიდევ ერთ მოღალატეობრივ ნაბიჯად“ აფასებს პარტია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე. კუპრაძის განცხადებით, „ამ გზით ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ხმის უფლება წაართვას“, მომავალი საპარლამენტო არჩევნები კი, პროპაგანდისტული, ძალადობრივი მოქმედებების, პარტიების აკრძალვის პირობებში ჩაატაროს.
საკანონმდებლო ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე. ქურდაძის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის ტერიტორიული ნიშნით საარჩევნო უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. „ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხმა რომ ძალაუფლება განახორციელოს, უნდა არსებობდეს შესაბამისი დემოკრატიული ფორმები, რომელთა გამოყენებითაც, ხალხი შეძლებს მართვას. საარჩევნო ხმის უფლება სწორედ ასეთი ფორმაა. საქართველოს მოქალაქეებისათვის ტერიტორიული ნიშნით ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია“, – აცხადებს იგი.
ცნობისთვის, არსებული საარჩევნო კოდექსით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს არარეზიდენტ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების საშუალებით ეძლეოდათ. განსხვავებით თვითმმართველობის არჩევნებისაგან, რომელშიც ისინი მონაწილეობას ვერ იღებდნენ. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 20 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებში მონაწილეობა 95,910 რეგისტრირებული პირიდან, 34,574-მა არარეზიდენტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო. მიცემულ ხმათა რაოდენობით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, ხუთეული კი შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 11,406 ხმა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 6,824 ხმა, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 5,108 ხმა, „ქართული ოცნება“ – 4,628 ხმა, „გახარია საქართველოსთვის“ – 3,089 ხმა.











