საქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ გასული წელი რეკორდული, 396.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. როგორც ირკვევა, გასულ წელს მისი საოპერაციო შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და 674.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. კომპანიის განცხადებით, მსგავსი მაჩვენებლები გადაზიდვების რეკორდულმა ზრდამ და სამგზავრო გადაყვანების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა.

მაგალითად, 2022 წელს, საქართველოს რკინიგზის მიერ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 388.4 მილიონი ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა ლოგისტიკური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და 123.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანიდან მიღებულ შემოსავალს, ეს მაჩვენებელი გასულ წელს 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 27.4 მილიონ ლარს მიაღწია.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გასული წლის წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178.9 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანია ამას 2021 წლის ევრო ობლიგაციების რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და დოლართან მიმართებით ლარის გამყარებით ხნის.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიის ბალანსზე 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 274.6 მილიონი ლარი იყო, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62.4 მილიონი ლარით აღემატება.

საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებიც გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი სამი თვის წმინდა მოგებამ 82.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის წმინდა მოგებას 3.5-ჯერ აღემატება.