საქართველოს როლი სანქციების თავიდან არიდებაში: სატრანზიტო ჰაბი რუსეთისთვის?

საქართველოს როლი სანქციების თავიდან არიდებაში: სატრანზიტო ჰაბი რუსეთისთვის?

ვახტანგ ფარცვანია – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მენეჯმენტის პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი

ერეკლე პირველი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბუღალტერიისა და ფინანსების პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი

 

საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა ორმაგ გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყანა ცდილობს რუსეთთან ვაჭრობის შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი დასავლურ სანქციებთან თანხვედრაში მოაქციოს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის, რომელსაც ახლა მსოფლიოში ყველაზე მეტი სანქცია აქვს დაწესებული. აღნიშნული აღძრავს ეჭვს, რომ შეიძლება საქართველო სანქცირებული საქონლის სატრანზიტო ჰაბი გახდეს. ავტომობილების რეექსპორტი ამ საქმიანობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უმსხვილესმა გლობალურმა ავტომწარმოებლებმა შეაჩერეს საკუთარი საქმიანობა რუსეთში. მათ გაყიდეს თავიანთი აქტივები, შეწყვიტეს მანქანების იმპორტი და დატოვეს რუსეთის ბაზარი. გარდა ამისა, G7-ისა და ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესეს აკრძალვა ძვირადღირებული საქონლის, მათ შორის მაღალი კლასის მანქანების, მიწოდებაზე რუსეთში. ამას მოჰყვა ახალი და მეორადი (რომელთა ძრავის მოცულობა 1,900 კუბურ სანტიმეტრზე მეტია), მათ შორის ელექტრო- და ჰიბრიდული სამგზავრო, ავტომობილების ექსპორტის აკრძალვა, მიუხედავად მათი ღირებულებისა.

ამ შეზღუდვების მიუხედავად, სანქცირებული მანქანები ლეგალიზებული პარალელური იმპორტის გზით კვლავ ხვდებოდნენ რუსეთის ბაზარზე. რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა „გაირღვა“ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მეშვეობით, რომელიც ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტია რუსეთსა და საქართველოს შორის. შედეგად, 2023 წელს რუსეთში KIA, Hyundai და Toyota ახალი სამგზავრო მანქანების ყველაზე გაყიდვად ბრენდებს შორის მოხვდა, ხოლო ძვირადღირებული მანქანების გაყიდვები წლიდან წლამდე გაიზარდა.

აღნიშნულმა ტენდენციებმა შესაძლოა მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ სანქციები არ მუშაობს და ის არაეფექტურია. თუმცა სანქციებზე უარის თქმის ნაცვლად, დასავლეთმა ყურადღება გაამახვილა შესაბამისობის მექანიზმების დახვეწასა და გაძლიერებაზე. ეს გულისხმობს მესამე ქვეყნების უფრო დეტალურ შემოწმებას. დასავლეთმა მეორადი სანქციების შემოღებაც განიხილა ამ ქვეყნების მიერ სანქციების გვერდის ავლის გამომჟღავნების შემთხვევაში.

2023 წლის პირველ ნახევარში მანქანები იყო სიდიდით მესამე საექსპორტო პროდუქტი საქართველოდან რუსეთში, რამაც მნიშვნელოვანი შემოსავალი გამოიმუშავა. საქსტატის მონაცემებით, რუსეთში 3,786 ავტომობილი იქნა გადაყვანილი, რომელთა საშუალო საბაჟო ღირებულებაც $14,000-ია. საბოლოოდ, მთლიანმა ღირებულებამ 53 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 274%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ეს ზრდა ხაზს უსვამს საქართველოს როლს რუსეთის მიერ დასავლური სანქციების შესუსტებაში მესამე ქვეყნის არხებით.

2023 წლის ივნისში ევროკავშირის მიერ სანქციების მე-11 პაკეტის მიღების შემდეგ, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ იყო მიმართული, საქართველომ აკრძალა რუსეთში სანქცირებული ყველა კატეგორიის ავტომობილის რეექსპორტი. ეს რეგულაცია ხელს უშლის რუსეთთან პირდაპირ ვაჭრობას და სავაჭრო ნაკადებს გადაამისამართებს საქართველოდან ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში. ყურადსაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის (DCFTA) მონაწილეა, ხოლო აღნიშნული სამი ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრები არიან, რაც მათ რუსეთთან თავისუფალ სავაჭრო ზონაში ამყოფებს. ეს ყოველივე განაპირობებს საქართველოდან სანქცირებული მანქანების რეექსპორტის მთავარი არხების ცვლილებას. სავაჭრო ნაკადების ცვლილების თეორიული მოდელი წარმოდგენილია ქვემოთ:

სავაჭრო ნაკადების გადამისამართება ეკონომიკური სანქციების მეორადი ეფექტის შედეგად:

საქართველოს მიერ რუსეთში მანქანების რეექსპორტის აკრძალვის ეფექტი აშკარაა. საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან რუსეთში მკვეთრად შემცირდა: 2023 წლის აგვისტოში განხორციელდა მხოლოდ 85 ავტომობილის რეექსპორტი, რაც ბევრად ნაკლებია 2023 წლის ივლისში 1,020 რეექსპორტირებულ ავტომობილთან შედარებით. მომდევნო ექვს თვეში რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობა განულდა. ამის საპირისპიროდ, საქართველოდან ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში ავტომობილთა რეექსპორტი 47%-ით გაიზარდა ამავე წლის პირველ ნახევართან შედარებით და შეადგინა 44,073 ავტომობილი. 2023 წლის წლიური მონაცემების 2021 წელთან შედარება ცხადყოფს, რომ ზრდის მაჩვენებელი 1,240%-ია. 2024 წლის პირველ ნახევარში ასევე მნიშვნელოვანი რიცხვები იყო: ამ სამ ქვეყანაში 37,847 მანქანა გადამისამართდა. ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველომ შეწყვიტა მანქანების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში, თუმცა ავტომობილები კვლავ გადამისამართდება რუსეთში, ამჯერად მესამე ქვეყნების გავლით.

ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან EAEU ქვეყნებში (თვიური მონაცემები ერთეულებში):

გარდა ამისა, რუსეთში სანქცირებული მანქანების რეექსპორტის ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოააშკარავა ე.წ. „ჩრდილოვანი“ არხები, რომლებიც გამოიყენება მანქანების გადასატანად პირდაპირ საქართველოდან რუსეთში. საქართველოში მცხოვრები რუსი ბიზნესმენების მიერ შემოღებული ბუნდოვანი სატრანზიტო სქემა ხელს უწყობს მანქანების გადაადგილებას საქართველო-რუსეთის საზღვარზე განბაჟების გარეშე. ეს მანქანები საქართველოდან რუსეთში ტრანსპორტირდება სატრანზიტო ნომრებით და საბოლოოდ რუსეთში იყიდება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ჩრდილოვანი არხებით მანქანების გადაყვანის სტატისტიკა არ შედის ოფიციალური ექსპორტის მონაცემებში.

რომ შევაჯამოთ, საქართველოდან რუსეთში მანქანების რეექსპორტი EAEU ქვეყნებისა და ჩრდილოვანი არხების მეშვეობით მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საფრთხეებს წარმოშობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო არხები მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს გვთავაზობენ, მათი არსებობა საფრთხეს უქმნის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და აზიანებს მის ურთიერთობას დასავლეთთან. ეს ქმნის კრიტიკულ პოლიტიკურ დილემას საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ ისწრაფვის. ერთი მხრივ, ამ ნაკადებიდან მიღებული ეკონომიკური უკუგება მიმზიდველია, მეორე მხრივ, საერთაშორისო სანქციებთან წინააღმდეგობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პოლიტიკის შესაბამისობას ევროკავშირის პოლიტიკასა და მის სტანდარტებთან. ევროკავშირთან დასაახლოებლად საქართველომ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა. საქართველოდან რუსეთში სანქცირებული საქონლის რეექსპორტის არხების არსებობა კი ეწინააღმდეგება ამას. ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზება მოითხოვს საბაჟო კონტროლის გაუმჯობესებას, სავაჭრო პრაქტიკის მეტ გამჭვირვალობასა და სანქციების თავიდან არიდების ქსელების მოშლას.

მეთოდოლოგია

ეს კვლევა აანალიზებს მანქანებით ვაჭრობის მონაცემებს 2018 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით, თვიური იმპორტის/ექსპორტის მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ვაჭრობის გრავიტაციული (gravity) მოდელი, რომელშიც ვაკონტროლებდით მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა: მშპ მიმდინარე ფასებში, ინფლაციის განაკვეთი და ვალუტის გაცვლითი კურსი. ანალიზი ეფუძნება როგორც ავტომობილების რაოდენობას, ასევე მათ ღირებულებას, ასახულს აშშ დოლარში. ჰიპოთეზები შემოწმებულია რეგრესიული ანალიზით, რისთვისაც გამოყენებულ იქნა შეფასების ტექნიკა – ე.წ. განსხვავება-განსხვავებაში (difference-in-differences). ეს საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ მანქანების რეექსპორტის მოცულობის ცვლილებებს, რაც მესამე ქვეყნებზე სანქციების შემოღების საფრთხითაა გამოწვეული.

შენიშვნა: სამეცნიერო სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.

სტატიის ციტირებისთვის გამოიყენეთ: Partsvaniya Vakhtang and Pirveli Erekle (forthcoming), ‘Western Sanction Evasion Through Third Countries: The Case of Sanctioned Cars Re-Export to Russia’. NISPAcee Journal of Public Administration and Policy.