საქართველოს საყოველთაო დაზღვევა

საქართველოს საყოველთაო დაზღვევა

2013 წელს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ რეფორმას, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, საქართველოს მოქმედი მთავრობა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის ფართო სპექტრს შეეხო, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა აღნიშნული პროგრამა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. ამასთან, ჩნდება ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის განვითარებისა და არსებობის რისკი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმოხილვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარი გეგმური სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციას მისთვის სასურველ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებაში გადის. თუ პირი არც ერთ პოლიკლინიკაში არ არის დარეგისტრირებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ავტომატურად ერთვება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპი 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ჩამონათვალი. საყოველთაო დაზღვევის პაკეტი, რიგ შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ თანაგადახდას ითვალისწინებს. N36 დადგენილება ბენეფიციარს კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებას ფარავს მისი დაზღვევა.

2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი დაიწყო. საყოველთაო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა, გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა დაემატა. ასევე პროგრამის ფარგლებში დაიწყო მშობიარობის ხარჯების დაფინანსებაც, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას – 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. ამასთანავე გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სპექტრი.

2012 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 2 მილიონზე მეტ პირს დაზღვევა არ ჰქონდა. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის ამ სეგმენტის დაზღვევას ისახავდა მიზნად.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის N 218 დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე, კომპაქტურ დასახლებაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სახალხო არტისტებზე ვრცელდებოდა. საქართველოს მთავრობის 2012 წლის N 165 დადგენილების ფარგლებში კი სახელმწიფომ 0-5 ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დააზღვია.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას კერძო სადაზღვევო კომპანიები ეთიშებიან

N218 და N165 დადგენილებებით განსაზღვრულ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ და ჯერჯერობით კვლავ ისინი ახორციელებენ. ჯანდაცვის პროგრამების მართვის დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, N218 და N165 დადგენილებების შედეგად ბენეფიციარები მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდებიან. ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს და კერძო სადაზღვევო კომპანიები მასში ჩართული არ არიან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის ბოლო მონაცემებით, N218 და N165 დადგენილებების ფარგლებში სახელმწიფო დაზღვევით ჯამში 1 618 460 ადამიანი სარგებლობდა, ხოლო კერძო და კორპორაციული დაზღვევით – 362 663 პირი. 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 347 658 მოქალაქემ ისარგებლა. როგორც ვხედავთ, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის უმეტესი წილი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე მოდის, კერძო სადაზღვევო კომპანიები კი მთლიანად ეთიშებიან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებს, რაც, ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის განვითარება/არსებობაზე.

ამ ფაქტზე ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. 2013 წლის 10 ივნისს გამოქვეყნებულ მისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების გადაბარება საჯარო ორგანოსთვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მნიშვნელოვნად შეამცირებს კერძო სადაზღვევო ბაზარს“. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნულიდან გამომდინარე გასცა რეკომენდაცია, რომელიც კერძო სადაზღვევო სისტემის შენარჩუნებას და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ მოთხოვნებისა და პროცედურების გამკაცრებას გულისხმობდა.

ამასთან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას კერძო კომპანიები ახორციელებენ, სახელმწიფო ბენეფიციარისთვის განსაზღვრულ თანხას სადაზღვევო კომპანიას იხდის და, შესაბამისად, ფინანსური რისკი (ზედმეტი ხარჯი) სადაზღვევო კომპანიებზე მოდის და არა სახელმწიფო ბიუჯეტზე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა არ ხდება

2013 წლის იანვრის „ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიშში“ ვკითხულობთ, რომ მედიკამენტების დანახარჯები ჯანდაცვისთვის გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს შეადგენს. შესაბამისად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ. ამავე ანგარიშში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შემდეგი რეკომენდაციაა გაწერილი: „სადაზღვევო პაკეტის გაზრდა/რაციონალიზაცია აუცილებელ ფარმაცევტულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით“. თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის – აღნიშნული პროგრამა მედიკამენტებით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგი და სამედიცინო მომსახურების ხარისხი

როგორ ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონიტორინგი? ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტო შემთხვევების მონიტორინგს ახორციელებს, რაც პაციენტისა და დაავადების იდენტიფიცირებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მონიტორინგი. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს, მსგავსი ტიპის მონიტორინგი ამ ეტაპზე არ ხორციელდება.

იმისთვის, რომ ჩვენს მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესახებ, გავეცნოთ ჯანდაცვის სისტემის კვლევას. აღნიშნული კვლევა 2013 წელს „საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“ ორ ეტაპად განახორციელა: კვლევის პირველი ნაწილი 2013 წლის აპრილში, ხოლო მეორე ნაწილი 2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. კვლევის ორივე ეტაპზე, ჯანდაცვის ექსპერტების უმრავლესობის შეფასებით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. ამასთან, კვლევის მეორე ეტაპზე (პირველ ეტაპთან შედარებით) გაიზარდა რაოდენობა იმ ექსპერტებისა, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესებაზე მიუთითებდნენ.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც სხვა ტიპის ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ანაზღაურებს მედიკამენტებს, მაშინ როდესაც ჯანმრთელობისთვის მოსახლეობის დანახარჯის თითქმის 50% მედიკამენტებზე მოდის. თუ აქამდე ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ, დღეს ისინი სოციალური მომსახურების სააგენტომ ჩაანაცვლა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის უმეტესი წილი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე მოდის, მაშინ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.