საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთი მე-2 ადგილზეა - რას ვყიდით და ვყიდულობთ? 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთი მე-2 ადგილზეა - რას ვყიდით და ვყიდულობთ? 

ფოტო: letmeship.com

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 3.51 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.02 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, იმპორტი კი 2.48 მილიარდ აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 15.4%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 1.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.

საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (499.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (457.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (418.3 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოდან ჩინეთში 147.08 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 289.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჩინეთი ქვეყნის ექსპორტში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთიდან საქართველოში 310.69 მილიონი აშშ დოლარი ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.4%-ით მეტია.

საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 125.62 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს კი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს 8.93 მილიონი აშშ დოლარით. მესამე პოზიციაზე 6.52 მილიონი აშშ დოლარით კოჭა, ზაფრანა, კურკუმა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლებია. ხუთეულს ასრულებს: ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი და ყურძნის ნატურალური ღვინოები, შესაბამისად, 1.92 და 1.13 მილიონი აშშ დოლარით.

საიმპორტო სასქონლო ჯგუფებიდან პირველ პოზიციას ნახევარგამტარი ხელსაწყოები იკავებს, რომელთა ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 28.36 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტროგარდამქმნელებია 18.19 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მსუბუქი ავტომობილები (ცალი) იკავებს 10.05 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ადგილებს იყოფენ ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან (სიგანით 600 მმ ან მეტი) და შინაური ფრინველის ხორცი და საკვები სუბპროდუქტები, შესაბამისად, 9.74 და 6.33 მილიონი აშშ დოლარით.