საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მე-3 ადგილზეა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მე-3 ადგილზეა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, თითქმის 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ანგაირშის თანახმად, მათ შორის ექსპორტმა 3.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 13.7%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი თითქმის 8.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.4%-ით. შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარი-ივნისში, 5.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი 1.28 მილიარდი აშშ დოლარით მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ თურქეთსა (1.46 მილიარდი აშშ დოლარი) და აშშ-ს (1.32 მილიარდი აშშ დოლარი) ჩამორჩება. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ექსპორტში რუსეთი მეოთხე პოზიციაზე, 332.33 მილიონი აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, ის თითქმის 950.54 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილზეა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2025 წლის იანვარ-ივნისში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობამ 72.81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 65.09 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 41.75 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით (შაქრის დანამატების შემცველობით), ასევე ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები (სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული), შესაბამისად, 27.98 მილიონი და 27.06 მილიონი აშშ დოლარით.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, თითქმის 284.49 მილიონი აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია თითქმის 128.02 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას ხორბალი და მესლინი იკავებს 32.24 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება და ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე), შესაბამისად, 24.28 და 21.70 მილიონი აშშ დოლარით.