სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი – 13.39 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით). შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი 1.89 მილიარდი აშშ დოლარით მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ თურქეთსა (2.26 მილიარდი აშშ დოლარი) და აშშ-ს (2.12 მილიარდი აშშ დოლარი) ჩამორჩება. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ექსპორტში რუსეთი მესამე პოზიციაზეა 543.14 მილიონი აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, ის 1.35 მილიარდი აშშ დოლარით, მესამე ადგილს იკავებს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 4.3%-ით არის გაზრდილი, მეორე შემთხვევაში კი – 3.2%-ით.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობამ 120.18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 108.75 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 55.39 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა დანარჩენი ახალი ხილი, ასევე მინერალური და გაზიანი წყლები ( შაქრის შემცველობით), შესაბამისად, 45.58 მილიონითა და 42.21 მილიონი აშშ დოლარით.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, 387.54 მილიონი აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია 143.50 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი ხორბალი და მესლინი იკავებს 63.95 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება და ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები, შესაბამისად, 31.67 და 21.70 მილიონი აშშ დოლარით.