სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 533.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს. საქსტატის განმარტებით, ზრდის ძირითადი ფაქტორი სავალო ვალდებულებების მნიშვნელოვნად მატებაა.
ამავე პერიოდში, სააქციო კაპიტალი 101.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი FDI-ის 19.1%-ს შეადგენს. რეინვესტიციების მოცულობა 340.7 მილიონი აშშ დოლარია (63.9%), ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მილიონი დოლარით განისაზღვრა, რაც ინვესტიციების საერთო მოცულობის 17%-ს წარმოადგენს.
2025 წლის III კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზეა აშშ – 93.5 მილიონი დოლარით (17.5%). მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს – 72.1 მილიონი დოლარით (13.5%), ხოლო მესამე პოზიციაზე თურქეთია, 70 მილიონი დოლარით (13.1%). სამი ძირითადი ინვესტორი ქვეყნის წილი ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.2%-ს შეადგენს.















