სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი – 13.39 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, 8.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.26 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (2.12 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1.89 მლრდ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით, რაც მთელი ექსპორტის 38.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 276.2 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 200.7 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში

საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორისაც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომელთა მთლიანმა იმპორტმა 2.80 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 972.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 510.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8%).
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს იმპორტში
