სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა.
2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: თურქეთი თითქმის 2.77 მილიარდი დოლარით, აშშ 2.72 მილიარდი დოლარითა და ჩინეთი 1.98 მილიარდი დოლარით.
იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს
თურქეთის წილი მთლიან იმპორტში 15%-ს შეადგენს, იმპორტის მაჩვენებელი კი წლიურ ჭრილში არ არის შეცვლილი. აშშ-ის წილი 14.7%-ს უტოლდება. 2025 წელს საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი თითქმის 33%-ით გაზიარდა. რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს, მისი წილი მთლიან იმპორტში 10.7%-ს შეადგენს. ჩინეთის შემთხვევაში მაჩვენებელი 23.1%-ით არის გაზრდილი.
2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საიმპორტო ათეულში, ექსპორტის მსგავსად, პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომელთა იმპორტმა ჯამში 3.87 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ სასაქონლო ჯგუფის წილმა მთლიან იმპორტში 20.9% შეადგინა.
მეორე ადგილს, 1.35 მილიარდი აშშ დოლარით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს. მათი წილი მთლიანი იმპორტის 7.3%-ს უტოლდება.
მესამე ადგილზე კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია. 2025 წელს საქართველოში 680.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მსგავსი პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიან იმპორტში 3.7%-ს შეადგენს.
იხილეთ ასევე: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი 2025 წელს
უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში შორის გასულ წელს ყველაზე დიდი ზრდა სურათების, ნახატებისა და პასტელების (ხელით შესრულებული) შემთხვევაში აღინიშნა. კერძოდ, იმპორტის მაჩვენებელი 110 531%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი კლება გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების იმპორტის კუთხით დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტის მაჩვენებელი 41.3%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კლება დაფიქსირდა ასევე სატვირთო ავტომობილების იმპორტის მიმართულებით. მაჩვენებელი 32.4%-ით შემცირდა. კლება აღინიშნა ჯგუფში – სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – ამ შემთხვევაში იმპორტის მაჩვენებელი 0.7%-ით შემცირდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს









