სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი – 13.39 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით). შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4%-ია.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია 2.26 მილიარდი აშშ დოლარით. ცნობისთვის, მეორე ადგილზე 2.12 მილიარდი აშშ დოლარით ამერიკის შეერთებული შტატებია, მესამეზე კი – რუსეთი 1.89 მილიარდი აშშ დოლარით.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში დაახლოებით 2.03 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა. ეს წლიურ ჭრილში 1.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 31.5%-ით შემცირდა და 237.82 მილიონს აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლებით თურქეთი საქართველოს ექსპორტში მე-6 ადგილს იკავებს, იმპორტში კი მე-2 პოზიციაზეა.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი იკავებს 54.60 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზე 22.99 მლნ. აშშ დოლარით ფეროშენადნობებია, მესამე ადგილზე კი – ელექტროენერგია, რომლის ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 18.38 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. ხუთეულს სპილენძის ნარჩენები და ჯართი და ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები (მამაკაცისთვის) ასრულებს, შესაბამისად, 15.61 მლნ. აშშ დოლარითა და 15.51 მლნ. აშშ დოლარით.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომლის იმპორტმაც 125.50 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს 98.35 მლნ. აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მესამე პოზიციაზე კი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგანაა (შემდგომი დამუშავების გარეშე) 68.63 მლნ. აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ორ ადგილზე მოხვდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები და შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები. პირველის იმპორტმა 67.22 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა, მეორეს იმპორტმა კი 50.07 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.