სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 23.218 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 6.618 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 10.1%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი 16.600 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წლიურ ჭრილში 9.3%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, იანვარ-ნოემბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.981 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0%-ია.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია 2.79 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით. ცნობისთვის, მეორე ადგილზე 2.59 მილიარდი აშშ დოლარით ამერიკის შეერთებული შტატებია, მესამეზე კი – რუსეთი თითქმის 2.39 მილიარდი აშშ დოლარით.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში დაახლოებით 2.49 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა. ეს წლიურ ჭრილში 0.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი 30.1%-ით შემცირდა და 306.43 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლებით თურქეთი საქართველოს ექსპორტში მე-6 ადგილს იკავებს, იმპორტში კი მე-2 პოზიციაზეა.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი იკავებს 66.78 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზე 34.59 მლნ. აშშ დოლარით ფეროშენადნობებია, მესამე ადგილზე კი – რიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები (მამაკაცისთვის), რომლის ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 18.95 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. ხუთეულს სპილენძის ნარჩენები და ჯართი და ელექტროენერგია ასრულებს, შესაბამისად, 18.50 მლნ. აშშ დოლარითა და 18.38 მლნ. აშშ დოლარით.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომლის იმპორტმაც 149.17 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს 113.75 მლნ. აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 95.60 მლნ. აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ორ ადგილზე მოხვდა: წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგანა(შემდგომი დამუშავების გარეშე) და შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები. პირველის იმპორტმა 75.55 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა, მეორეს იმპორტმა კი 57.50 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.










