საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში Google-ის სერვისებზე წვდომა გაითიშა - რა ვიცით?

საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში Google-ის სერვისებზე წვდომა გაითიშა - რა ვიცით?

დასავლეთ ევროპის, ბალკანეთის ქვეყნების ნაწილსა და კავკასიაში, მათ შორის საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში, ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში Google-ის სერვისები ნაწილობრივ ან სრულად გათიშული იყო. აღნიშნულ ქვეყნებში მომხმარებლებს წვდომა შეეზღუდათ როგორც Alphabet-ის საძიებო ქსელზე, ასევე YouTube-ზე, Gmail-სა და Google Maps-ზე.

Outage Report-ის მონაცემებით, Google-ის სერვისების გათიშვის შესახებ მომხმარებელთა მიმართვიანობა განსაკუთრებით დილის 11:10 საათიდან გაიზარდა და 1 საათი და 16 წუთი გაგრძელდა. გათიშვის დროს, პლატფორმაზე შეტყობინებები ძირითადად შევიდა თურქეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან, ხორვატიიდან, სერბეთიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და ასევე, 41 სხვა ქვეყნიდან.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ომერ ფატიჰ საიანის განცხადებით, ქვეყნის კიბერინციდენტებზე რეაგირების ეროვნულმა ცენტრმა შეფერხების მიზეზთან დაკავშირებით Google-ისგან ტექნიკური ანგარიში უკვე მოითხოვა. საიანის თქმით, Google-ის შეფერხებამ გავლენა Android-სა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე იქონია, როგორც თურქეთში, ასევე ევროპის რეგიონის ქვეყნებშიც.

Downdetector-ის მონაცემებით, Google Search-თან დაკავშირებულ პრობლემებზე მომხმარებელთა 53% მიუთითებდა, 34%-ს პრობლემები შეექმნა ვებსაიტთან დაკავშირებით, ხოლო მომხმარებელთა 14% Gmail-ის ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებდა.

ამ დროისთვის Google-ის სერვისებზე წვდომა ნაწილობრივ აღდგენილია. კომპანიას მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. სერვისების გათიშვის წინა შემთხვევებში მთავარი მიზეზი Google-ის მონაცემთა ცენტრებთან და მათ კვების წყაროებთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

Google-ის გათიშვის პირველი საათის განმავლობაში შეფერხდა რამდენიმე სხვა სერვისის მუშაობაც, მათ შორის იყო Spotify, Claude და Starlink-იც კი. ბულგარეთის GSM-ის ოპერატორების ინფორმაციით, ყველაზე მეტად ქვეყანაში მობილური ოპერატორები დაზარალდნენ, რომლებიც Google-ის ღრუბლოვან სერვისებს იყენებენ.