ფოტო: aa.co.nz
„ქართული ოცნება“ ქვეყანაში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა, პარლამენტში უკვე ინიციირებულია.
„საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრადაა გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა 2 მილიონს, ვხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი.
რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთის მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და, მეორეს მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვის დაწესებას“, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
კობახიძის განცხადებით, მცირე გამონაკლისები გათვალისწინებული იქნება, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია, როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობისა და კომფორტული გადაადგილებისთვის, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები ქვეყანაში არ შემოვიდეს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1,914,908 ერთეული ავტომობილი იყო რეგისტრირებული. მათგან 882,000 ავტომობილზე მეტი თბილისზე მოდის. 2024 წელს საქართველოში სულ 1,790,587 ავტომობილი იყო დარეგისტრირებული; შედეგად, რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 6.4%-ითაა გაზრდილი. საქართველოში 1.5 მილიონზე მეტი ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა, 5-დან 10 წლამდე ასაკის – 265,041, 2-დან 5 წლამდე – 61,335 ავტომობილი და 2 წლამდე ასაკის 39,995 ავტომობილია რეგისტრირებული.















