საქართველოში ახალდაფუძნებულ ე.წ. ანგელოზ ინვესტორთა ქსელ „აქსელის“ ორგანიზებით, ხვალ პირველი Pitch Day – სტარტაპების პრეზენტაციების დღე გაიმართება. სტარტაპებს ქართველი ანგელოზი ინვესტორები მოუსმენენ. ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი ინვესტორებიც. Startup Büro-სა და Kedari Ventures-ის მიერ დაფუძნებული ქსელის მიზანს ქვეყანაში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება წარმოადგენს. „ეკოსისტემა გაღვივებულია, სტარტაპებიც მზად არიან“ – მოლოდინებისა და მიზნების შესახებ Forbes Georgia ქსელის თანადამფუძნებელ გური ქოიავას ესაუბრა.
თქვენი გაცხადებული მისიაა საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების დაჩქარება. როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას?
Startup Büro-ში ჩვენმა რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეკოსისტემას ანგელოზ ინვესტორთა ქსელი ძალიან ესაჭიროებოდა. ეს იდეა დიდი ხანია, გვაქვს და მასზე ვმუშაობდით, წელს კი უკვე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კონცეფცია, ვებგვერდი და პირველი ე.წ. Pitch Day გამოგვეცხადებინა.
იდეა არის შემდეგი: „აქსელში“ გაწევრიანდებიან ადამიანები, რომელთაც ანგელოზი ინვესტორები ჰქვიათ. ქსელში გაერთიანებული ინვესტორების მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ გარკვეული თანხით შემოვიდეს და უფრო მეტი თანხით გავიდეს, არამედ ის შემოდის თავისი ცოდნით, ექსპერტიზით, კონტაქტებით, გამოცდილებით და ამას პლუს თანხითაც და ეძლევა შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ გუნდს, სტარტაპს შეუერთდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე რამდენიმე ინვესტორთან ერთად (სინდიკატური ინვესტიციის ფორმატში).
ამ ნაბიჯებით, ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურა განვითარდეს. ინიციატივა მოიცავს ტრენინგებს, ვორკშოფებს, ცოდნის გაზიარებას და ა.შ. როდესაც სტარტაპი იწყებს განვითარებას, თავიდან არის იდეა და შეიძლება მას მშობლები ან ახლობლები აფინანსებდნენ, ამის შემდგომ კი განვითარებისთვის საჭირო რესურსების მოძიება უკვე რთულია. ამიტომაც, ვიდრე სტარტაპი ვენჩურულ კაპიტალამდე და ფონდებამდე მიაღწევს, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს ანგელოზი, რომელიც სტარტაპს, ერთი მხრივ, თანხით, და მეორე მხრივ კონტაქტებითა და გამოცდილებით დაეხმარება, ანუ მენტორობას გაუწევს და მოახმარს ინტელექტუალურ რესურსს, რათა სტარტაპი განვითარდეს.
ამგვარად, ქსელის შექმნით ჩვენ დავიწყეთ ე.წ. სტარტაპ-Community-ის მშენებლობა და ინფორმაციის გაცვლა, სწავლა, ამ ანგელოზი ინვესტორების შეკრება და ცოტა ნელი ტემპით და ფრთხილად გაერთიანება ამ ორგანიზაციებში, რათა ამ ადამიანებმა სტარტაპებში ინვესტირება დაიწყონ.
პირველი ე.წ. Pitch Day ხვალ გაქვთ, როგორია დაინტერესება და გამოხმაურება სტარტაპების მხრიდან?
50-ზე მეტმა სტარტაპმა შემოიტანა განაცხადი, რომელთანაგაც ჩვენ 15 სტარტაპი ავირჩიეთ. ამ დღისთვის საქართველოში ინვესტორი დელეგატები სამი ქვეყნიდან – ლიეტუვადან, ლატვიიდან და ესტონეთიდანაც ჩამოვიდნენ. 18 დელეგატი გვესტუმრა. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც პორტფელში 20-50 სტარტაპი აქვთ. საქართველოდან კი 12 ქართველი ანგელოზი ინვესტორი გვყავს, რომლებიც „აქსელში“ დარეგისტრირდნენ და ჩვენი წევრები გახდნენ. შესაბამისად, ხვალ ერთმანეთს ჯამში 30 ინვესტორი და 15 შერჩეული სტარტაპი შეხვდება, რომლებიც 5-წუთიან პრეზენტაციებს გააკეთებენ. შემდეგ დაგეგმილია ვახშამი, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ, კონტაქტები გაცვალონ და თანამშრომლობა დაგეგმონ.
თქვენ ახსენეთ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაინცდამაინც ამ ქვეყნებიდან რატომ მოიწვიეთ ინვესტორები?
ორგანიზაცია „აქსელის“ შექმნის პროცესში გვესაჭიროებოდა პარტნიორები, შესაბამისად, მოვხაზეთ ის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად, მენტალურად, ზომით ჰგავს საქართველოს. ეს იყო სწორედ ბალტიისპირეთი. რა თქმა უნდა, ესტონეთი ძალიან შორს არის წასული, ამიტომაც მათგან სასწავლი ბევრი გვაქვს. თუმცა ჩვენგანაც ისწავლიან რაღაცებს, ვინაიდან ჩვენც გვაქვს პატარა ნოუ-ჰაუები.
მინდა აღვნიშნო, რომ „აქსელი“ უპირველესად შექმნილია ქართველი ანგელოზი ინვესტორებისა და ქართული სტარტაპებისთვის. თუმცა ჩვენი ხედვა არის, რომ ქსელი მომავალში ყველა ქვეყნის ინვესტორისა და სტარტაპისთვის იყოს. ამიტომაც სამომავლოდ გვექნება ე.წ. Pitch Day-ები, სადაც ქართველებიც შეიკრიბებიან და უცხოელებიც. ყველა საინტერესო მიმართულებას განვავითარებთ, ზოგადად ეს ძალიან პერსპექტიული მგონია ქვეყნისთვის. საქართველო შეიძლება იყოს შეკრების ადგილი, სადაც უცხოელი ინვესტორები და სტარტაპებიც ჩამოვლენ, რათა ერთმანეთს შეხვდნენ.
უკვე მრავალი წელია, ამ მიმართულებით მუშაობთ, რა მიგაჩნიათ სტარტაპების განვითარების მთავარ დაბრკოლებად საქართველოში?
წვდომა რესურსებთან. არსებობს სახელმწიფო თუ დონორების გრანტები, თუმცა სტარტაპის რეალურად განვითარება და გლობალურ ბაზარზე გასვლა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით, თუ ისეთი ქვეყნიდან ხარ, სადაც რესურსები შეზღუდულია, შენი არავის სჯერა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რესურსებსა და კაპიტალზე წვდომაა ერთ-ერთი გამოწვევა. ის არგუმენტი, რომ საქართველოში სტარტაპები არ არიან ძლიერები, ჩემთვის აღარ არის დამაჯერებელი, მე თავად ვესწრები ბევრ ე.წ. DEMO დღეს, ბევრი შეხება მაქვს სტარტაპებთან და ვხედავ, რომ ბევრი ძლიერი სტარტაპი გვაქვს, და ნიჭიც არის.
ბოლო პერიოდში არაერთი პროგრამა ხორციელდება სტარტაპების მხარდასაჭერად, ასევე წლიდან წლამდე მზარდია სტარტაპების რაოდენობა ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ამჟამად ქართული სტარტაპეკოსისტემა?
მართლაც წლიდან წლამდე ვითარდება ეს მიმართულება, ვინაიდან ყველა მხარე მუშაობს ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბებაზე: კერძო სექტორი, დონორები, სახელმწიფო, იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამები თუ სხვა სახის მხარდაჭერა. შესაბამისად, კარგი შედეგები უკვე ჩანს. მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ აკლია ბევრი რამ. კერძო სექტორმა, დონორებმა და სახელმწიფომ ახლა სტარტაპები სხვა დონეზე უნდა აიყვანონ. ნახტომია საჭირო. უნდა ჩაიდოს წარმოუდგენელი რესურსები, ეს დრო უკვე მოსულია. ეკოსისტემა გაღვივებულია, სტარტაპებიც მზად არიან.