საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ–ივლისის პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $7.5 მილიარდს მიაღწია, რაც 21.7%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. 21.7%–ით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა და $2.3 მილიარდი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 19.3%–ით აღემატება წინა პერიოდის მონაცემებს და $5.2 მილიარდს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ პროცენტული თვალსაზრისით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირებულია და მიმდინარე პერიოდში $2.9 მილიარდს შეადგენს, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%–ია. გასულ წლებში უარყოფითი სავაჭრო ბრუნვის სალდო გაცილებით მაღალი იყო: 2016 – 55.5%;  2017 – 49.2%;  2018 – 47.7%;  2019 – 42.2%;  2020 – 42.1%.

კვლავ დაბალია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის წილი – 15.3%, მოწინავე პოზიციებს ისევ დსთ–ს ქვეყნები ინარჩუნებენ 46.7%–ით. 2021 წლის იანვარ–ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9% შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს საექსპორტო ბაზარი დივერსიფიკაციის მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები კი ჩინეთი($370 მლნ), რუსეთი($322.7 მლნ.) და აზერბაიჯანია($295.3 მლნ.). აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა აშშ–ში 127%–იანი ზრდა, თურქეთსა და უკრაინაში, შესაბამისად 65.7% და 60.4%–იანი ზრდის მაჩვენებლით.

რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს, მსგავსად საექსპორტო ქვეყნებისა, მაღალია საქართველოს დამოკიდებულება ათ უმსხვილეს საიმპორტო ბაზარზე და მიმდინარე პერიოდში 68.2%–ს შეადგენს. უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს თურქეთი $917.4მლნ–ით, რუსეთი $545.3 მლნ–ით და ჩინეთი$459.4 მლნ–ით წარმოადგენენ.

შესაბამისად, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან იმპორტის მოცულობა თითქმის 6–ჯერ აღემატება ექსპორტის მოცულობას, რაც იწვევს მკვეთრ უარყოფით სავაჭრო ბალანსს. ხოლო რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალანსებულია და 1.3 — 1.5-ის ფარგლებში მერყეობს.

ჩვეულებისამებრ, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უჭირავთ $465.9 მლნ–ით, რაც მთლიანი ექსპორტის 20.5%–ია. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს $248.3 მლნ–ით, ხოლო მესამე ადგილზე ფეროშენადნობებია $228.5 მლნ–ით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი
იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $461.8 მლნ და მთელი
იმპორტის 8.9%  შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები
$405.0 მლნ–ით (იმპორტის 7.8%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები
და კონცენტრატები $395.6 მლნ–ით (იმპორტის 7.6%).