საქართველოში, 22 ივლისიდან, Warner Bros. Discovery-ის საერთაშორისო სტრიმინგ-პლატფორმა HBO Max გაეშვა. უახლესი გაფართოების ფარგლებში, პლატფორმა ხელმისაწვდომი საქართველოს გარდა დამატებით თერთმეტი ქვეყნისთვის გახდა, მათ შორისაა: ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა და ტაჯიკეთი.
ქართველი მომხმარებლებისთვის HBO Max-ი ორი ტიპის სააბონენტო პაკეტით – სტანდარტული და პრემიუმი – იქნება ხელმისაწვდომი. სტანდარტულის ღირებულება თვიურად 9.99 ევრო და წლიურად 99.90 ევროა და მოიცავს: პლატფორმის გამოყენებას ერთდროულად ორ მოწყობილობაზე, სრული გაფართოების HD-ხარისხს და მაქსიმუმ 30 ფილმისა და სერიალის გადმოწერას.
პრემიუმ-პაკეტის საშუალებით, სტრიმინგი ერთდროულად ოთხ მოწყობილობაზეა დაშვებული, ფილმები და სერიალები ხელმისაწვდომია 4K-ხარისხში და გადმოწერის ლიმიტი 100-მდე იზრდება. პრემიუმ-პაკეტის თვიური ღირებულება 11.99 ევროა, წლიური საფასური – 119 ევრო. გადახდა შესაძლებელია Visa-ს, Mastercard-ის, Amex-ისა და PayPal-ის საშუალებით.
Warner Bros. Discovery-ის საერთაშორისო სტრიმინგ-პლატფორმა 2020 წელს გაეშვა და დღეისთვის 90-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, HBO Max-ს გლობალურად 122.3 მილიონი სტრიმინგ-გამომწერი ჰყავს, რაც უკანასკნელ ერთ წელიწადში 22.6-მილიონიანი მატებაა. სტრიმინგ-პლატფორმა გამომწერებს ისეთ ცნობილ ფილმებსა და სერიალებს სთავაზობს, როგორებიცაა: The Last of Us, The White Lotus, Euphoria, House of the Dragon, The Sopranos და ა.შ.
„ამ თორმეტ ქვეყანაში გაფართოებით, ჩვენ მივისწრაფვით გეგმისკენ, გავხადოთ ჩვენი პლატფორმა ხელმისაწვდომი მსოფლიოს 100 ბაზარზე. მომდევნო წლის დასაწყისში სტრიმინგის რამდენიმე მსხვილი გაშვება იგეგმება, მათ შორის გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. წლევანდელი წელი HBO Max-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წინ საოცარი პროგრამები და გაფართოებები გველოდება“, – განაცხადა Warner Bros. Discovery-ის გლობალური სტრიმინგისა და თამაშების CEO-მ ჯეიბი პარეტემ.