უძველესი დროიდან ადამიანები საცხოვრებელ ტერიტორიას გარემო-პირობების შესაბამისად არჩევდნენ – რამდენად ახლოს იყო სასმელი წყალი, რამდენად უსაფრთხო იყო აღნიშნული სივრცე და ა.შ. ბუნებრივია, ათასწლეულების შემდეგ ბევრად მეტი მოთხოვნილება და საჭიროება გვაქვს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში ფუფუნებაც, ჩვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო ავარჩიოთ საცხოვრებლად. ამ კომფორტს კი ქმნის ისეთი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ერთობლიობა, როგორიც არის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისები, სატელეკომუნიკაციო და კომუნალური ინფრასტრუქტურა და ა.შ.
Forbes Georgia ეცდება გაანალიზოს აღნიშნული ინფრასტრუქტურისა და სერვისების მდგომარეობა საქართველოში.
ტელეკომუნიკაცია
უკვე წლებია, რაც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა კრიტიკული მნიშვნელობის გახდა. მისი გავლენის მასშტაბები კი პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაადასტურა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მრავალ მიმართულებას აერთიანებს, თუმცა, საყოველთაო საჭიროების ინფრასტრუქტურის ნაწილად სტატიაში მხოლოდ მობილურ კავშირსა და ინტერნეტს განვიხილავთ.
მობილური კავშირი
საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ლიცენზიას სამი ოპერატორი – მაგთი, სილქნეტი და ვიონი საქართველო ფლობს. წლების განმავლობაში ვითარდებოდა როგორც კავშირის ტექნოლოგია, ისე თავად ინფრასტრუქტურა და დაფარვის მასშტაბებიც.
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, მობილური აბონენტების რაოდენობა წლის ბოლოსთვის 5.1 მილიონი იყო. აღნიშნული მონაცემის თანახმად, საქართველოში მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს.
ბაზრის წილი აბონენტების მიხედვით (%)
რაც შეეხება მობილური კომუნიკაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას: მაგთიკომი 8,000-ზე მეტი საბაზო სადგურით საქართველოს კონტროლირებადი, დასახლებული ტერიტორიის 98%-ს ფარავს. დაფარვის იგივე მაჩვენებელი აქვს სილქნეტს (ჯეოსელი). რაც შეეხება ვიონი საქართველოს, ის ქვეყნის მასშტაბით 1,081 საბაზო სადგურით ოპერირებს.
ინტერნეტი
საქართველოში ინტერნეტმომსახურებას მოქალაქეები განსხვავებული ტექნოლოგიებით იღებენ.
ცნობისთვის, მხოლოდ 2020 წელს საქართველოში 188 პეტაბაიტის მოცულობის ინტერნეტი მოიხმარეს – მობილურ ოპერატორებს შორის კი მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის წილი შემდეგნაირად ნაწილდება: მაგთიკომი – 48%; სილქნეტი – 29%; ვიონი საქართველო – 23%.
2020 წელს ასევე გაიზარდა 4G ტექნოლოგიის საშუალებით მიღებული ინტერნეტ-ტრაფიკის წილი და 85% შეადგინა, 3G ტექნოლოგიამ 15%, ხოლო 2G ტექნოლოგიამ 0.2%.
2020 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ზრდაც დაფიქსირდა – წლის ბოლოს ამ ტიპის მომსახურებას თითქმის მილიონი აბონენტი იღებდა.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დასახლებებში (%)
სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (11.71%).
კომუნიკაციების კომისიის თანახმად, 2020 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან მომსახურებას 160 სუბიექტი ეწეოდა: 74 კომპანია – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით; 127 კომპანია – WiFi ტექნოლოგიით, 8 კომპანია – xDSL ტექნოლოგიით, ხოლო 1 – LTE ტექნოლოგიით.
კომუნალური ინფრასტრუქტურა
კომუნალური ინფრასტრუქტურა აერთიანებს ისეთ სერვისებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ტიპის დასახლებისთვის, იქნება ეს ქალაქი, დაბა თუ სოფელი – ასეთ სერვისებად შეგვიძლია განვიხილოთ უწყვეტი წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება, ბუნებრივი აირის მიწოდება, კანალიზაცია, ნარჩენების გადამუშავება და სხვა.
წყალმომარაგება
წყლის რესურსების გამოყენებით საქართველოს მოსახლეობა განსხვავებულ სერვისებს იღებს – იქნება ეს სასმელი წყლით მომარაგება, სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი სარწყავი ქსელი თუ წყალარინების (კანალიზაცია) ქსელი.
წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის წილი (%)
2020 წლის მონაცემებით, წყალმომარაგების სისტემაზე საქართველოს მოსახლეობის 68.9% არის მიერთებული, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში 24-საათიანი წყლის მომარაგების უზრუნველყოფა. მაგალითად თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს, ხოლო ქვემო ქართლში მხოლოდ 10-საათიანი.
2020 წელს 2.57 მილიონ მომხმარებელს წყალმომმარაგებელმა საწარმოებმა 268.6 მილიონი კუბური მეტრი წყალი მიაწოდეს. საგულისხმოა, რომ ამ მოცულობის წყლის ტრანსპორტირებისას დანაკარგებმა 491.6 კუბური მეტრი შეადგინა.
მნიშვნელოვანია ასევე იმ მოსახლეობის წილი, რომელსაც წყლის რესურსებზე წვდომა წყალმომარაგების საწარმოების დახმარების გარეშე, თვითმიწოდებით აქვს. საქართველოს 1.16 მილიონი მოქალაქე 2020 წელს წყალს სწორედ თვითმიწოდებით იღებდა. ამგვარად მიღებულმა წყლის რესურსის მოცულობამ კი 103.5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.
შინამეურნეობების განაწილება სასმელი წყლის ძირითადი წყაროების მიხედვით (%)
გასული წლის მონაცემებით, კანალიზაციის ქსელზე საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია მიერთებული. ამასთან, მათი მხოლოდ 36.5% არის მიერთებული ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე.
წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის წილი (%)
აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე წყლის მოხმარება თითქმის 40%-ით აღემატება იდენტურ ქართულ მაჩვენებელს.
ელექტრომომარაგება
საქართველოში ელექტროენერგიის საცალო განაწილების ლიცენზიას ორი კომპანია ფლობს: ენერგო-პრო ჯორჯია და თელასი.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოს რეგიონებში 1.2 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება. რაც შეეხება თელასს, იგი დედაქალაქში 0.6 მილიონ აბონენტს უზრუნველყოფს ელექტრომომარაგებით.
ცნობისთვის, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში შინამეურნეობების 100% უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ელექტრომომარაგების ქსელში ხშირია შიდა და გარე მიზეზებით ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა, რაც ძირითადად გარემო კლიმატურ პირობებს ან საცალო განაწილების ოპერატორის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურის ხარვეზს უკავშირდება.
ცნობისთვის, 2020 წელს თელასის ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების არაგეგმური გამორთვის საშუალო ხანგრძლივობამ 4 საათი და 12 წუთი შეადგინა, იდენტური მაჩვენებელი ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის 20 საათი და 27 წუთია. მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა დაფარვის ქსელის მასშტაბებითა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობით აიხსნება.
რაც შეეხება თავად ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრეების სტრუქტურას საქართველოში, 2020 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის 68.9% დიდი და საშუალო ჰესების მიერ არის გენერირებული.
გენერაციის სიმძლავრეების სტრუქტურა (%)
ბუნებრივი აირით მომარაგება
ბოლო წლებში საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იზრდება – ეს ერთი მხრივ გაზიფიცირების მასშტაბების ზრდას, მეორე მხრივ კი თავად მოხმარების ზრდას უკავშირდება. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ბუნებრივი გაზის იმ საცალო მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც რესურსს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებენ, 1.3 მილიონი იყო.
ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მიზნით მომხმარებელთა რაოდენობა
მიუხედავად აბონენტების რაოდენობის ზრდისა, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ 85.5% არის გაზიფიცირებული. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში – 98.3%, ხოლო ყველაზე დაბალია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 27.2%.
ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების რაოდენობა (%)
ნარჩენების გადამუშავება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომუნალური სერვისი ნარჩენების გადამუშავებას უკავშირდება. ამ პროცესის ეფექტიანობა კი მეტწილად სწორედ ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტირებაზეა დამოკიდებული.
ნარჩენების მართვის განსხვავებული პოლიტიკაა თბილისსა და ბათუმში. ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს, რომელთაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია თავისი 200-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით მართავს.
რაც შეეხება დედაქალაქს, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის 500-მდე ავტომანქანა გამოიყენება. თბილსერვის ჯგუფის მიერ შეგროვებული ნარჩენები კი დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე ხვდება. საგულისხმოა, რომ დედაქალაქის ცალკეულ, ცენტრიდან დაშორებულ და სასოფლო დასახლებებში ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები განთავსებული არ არის.
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში ნარჩენების შეგროვებისთვის 3,000-ზე მეტი ბუნკერია, ნარჩენების გატანა კი ქალაქის მოსახლეობის 95%-სთვის არის ხელმისაწვდომი.
საერთო ჯამში, ნარჩენების შეგროვება და გატანა ეფექტიანად წარიმართება დიდ ქალაქებსა და რიგ მუნიციპალიტეტებში, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის.
უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისები
ამ კატეგორიაში გაერთიანებულია პირველადი დახმარების სერვისები, რომელთაც საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის“ გავლით იღებს: პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო და სამაშველო სამსახურების დახმარება. გარდა ამისა, დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით საქართველოს მასშტაბით მუშაობს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაც.
პოლიციის განყოფილებები და საპატრულო დეპარტამენტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და დაბაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, აღნიშნული განყოფილებები წარმოდგენილია საკურორტო ზონებსა და მრავალრიცხოვან სოფლებში.
თითქმის იდენტური სურათია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისთან მიმართებით – გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბრიგადები ყველა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი.
მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტიას მნიშვნელოვანწილად იძლევა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს სწორედ მეხანძრე-მაშველები ასრულებენ. 2020 წლის მონაცემებით, მეხანძრე მაშველებმა საქართველოში 4,667 სპეც. დავალება, 38,297 სამაშველო მოქმედება და 13,511 ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაო შეასრულეს. გარდა ყველა მუნიციპალიტეტისა და მრავალრიცხოვანი სოფლებისა, ისინი წარმოდგენილები არიან ზამთრის და საზღვაო კურორტებზეც.
საყოველთაო საჭიროების ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგზაო ინფრასტრუქტურა.
2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში 21,110.4 კილომეტრის სიგრძის გზა იყო. მათ შორის, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების სიგრძე 1,603 კილომეტრი, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სიგრძე 5,298.1 კილომეტრია.
2021 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყანაში დამონტაჟებულია 5,294 ვიდეოკამერა, რომელთაგან 1,776 ავტომობილის ნომრის ამომცნობი, ხოლო 3,518 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაა. მათგან ყველაზე მეტი, 1,570 კამერა დედაქალაქშია დამონტაჟებული.
შეჯამების სახით შესაძლოა ითქვას, რომ საყოველთაო საჭიროების ინფრასტრუქტურა ქალაქებსა და დაბებში განვითარებულია და მეტნაკლებად ეფექტიანად იმართება, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება რიგი სერვისებისა თუ ხარისხიანი მომსახურების წვდომა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური