განათლებისა და საგამომცემლო სფეროს გიგანტი McGraw Hill-ი $4.5 მილიარდად გაიყიდება კერძო საინვესტიციო ფირმა Platinum Equity-ზე, რომელსაც მილიარდერი ტომ გორსი უძღვება. აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა ოთხშაბათს გაასაჯაროეს.
გარიგება დასრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა რეგულატორი შესაბამის ნებართვას გასცემს – ეს კი ზაფხულის განმავლობაშია მოსალოდნელი. საგულისხმოა, რომ კომპანიის გაყიდვა 2019 წელსაც სცადეს – McGraw Hill-ის შეძენაზე მის მფლობელ Apollo Global Management Inc-სა და Cengage-ს შორის მოლაპარაკებები 2019 წელს დაიწყო, თუმცა, ვინაიდან საქმე აშშ-ის ორ უმსხვილეს გამომცემელს ეხებოდა, რეგულატორი მათ მიმართ მკაცრ მოთხოვნებს აყენებდა, რის გამოც გარიგება ვერ დასრულდა.
თუკი კომპანიები რეგულატორისგან თანხმობას მიიღებენ, McGraw Hill-ი საქმიანობას არსებული გუნდითა და მოქმედი აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საიმონ ალენმა, კომპანიის CEO-მ, გარიგებაზე განცხადებაც გაავრცელა: „Apollo-სთან მუშაობისას ჩვენ ბიზნესის ტრანსფორმაცია შევძელით. ახლა, Platinum-ის რესურსითა და გამოცდილებით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ვპოზიციონირდეთ კომპანიად, რომელიც აჩქარებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ამასთან, არის სფეროს ლიდერი, რომელსაც საგანმანათლებლო სექტორი დინამიკურად ცვალებად დროშიც ენდობა“.
განათლების სფეროს ერთ-ერთი გიგანტი, McGraw-Hill Education-ი ბოლო წლებში ციფრული განათლების მიმართულებაზეა ფოკუსირებული და თავის თავდაპირველ მისიასთან ცდილობს დაბრუნებას – „სწავლის მეცნიერებების კომპანია“, რომელსაც მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების მომზადება შეუძლია. კომპანია ზოგადი განათლების მიმართულებით უფრო აქტიურია და მრავალ სახელმძღვანელოსა თუ დამატებით რესურსს ქმნის, ასევე ფლობს რამდენიმე ციფრულ სასწავლო პლატფორმას.
„პანდემიამ განსაკუთრებულად დამანგრეველი ეფექტი იქონია განათლებაზე. ახლა, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ინვესტირება ინოვაციურ ტექნოლოგიებში, უფრო კონკრეტულად კი ციფრული სწავლების ინსტრუმენტებში. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენი ოპერაციული და ფინანსური რესურსი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად მივმართოთ“, – განაცხადა Platinum Equity-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ტომ გორსმა.
ცნობისთვის, Apollo-მ McGraw Hill 2013 წელს $2.4 მილიარდად შეიძინა. გამომცემლობის სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსები ფართოდ გამოიყენება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განსაკუთრებით კი უმაღლეს სასწავლებლებში.