საქსტატი: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $11.4 მილიარდს გადააჭარბა

საქსტატი: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $11.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია. აქედან 3 392.5 მილიონი აშშ დოლარი – ექსპორტზე, 7 959.9 მილიონი აშშ დოლარი კი იმპორტზე მოდის. პირველი მათგანი წინა წელთან შედარებით 24.9%-ით, მეორე – 22.3%-ით არის გაზრდილი.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მიმდინარე წლის გასულ თვეებში ჯამში 4 567.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტს უტოლდება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოქტომბერში აღინიშნა და 411 216 აშშ დოლარი შეადგინა. ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, 224 491.9 აშშ დოლარით იანვრის თვე გამოირჩა. რაც შეეხება იმპორტს, აქ მიმდინარე წელს უმაღლესი მონაცემი სექტემბერში დაფიქსირდა და 933 115.3 აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე დაბალი მონაცემი, 561 728.3 აშშ დოლარი იანვრის თვეში იყო წარმოდგენილი.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან  ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულ ექსპორტზე – 15.9%, დსთ-ში შემავალ სახელმწიფოებზე  – 47.6%, დანარჩენ მსოფლიოზე კი 36.5% მოდის. მიმდინარე წლის გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 23.1% არის, დსთ-ის სახელმწიფოების – 28%, დანარჩენი მსოფლიოსი კი – 48.8%.

აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე 655.6 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი, რაც მთელი ექსპორტის 19.3%-ს უდრის. მეორე ადგილს 377.9 მილიონი აშშ დოლარით (11.1%) ფეროშენადნობები იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 373.3 მილიონი აშშ დოლარით (11%) მსუბუქი ავტომობილებია.

რაც შეეხება საიმპორტო ათეულს, აქ მსუბუქი ავტომობილები 706.7 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 8.9%) პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე 651.9 მილიონი აშშ დოლარით (8.2%) ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მესამე პოზიციაზე კი 564.8 მილიონი აშშ დოლარით (7.1%) სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *