საქსტატი: 2024 წელს საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1,970 ლარს მიაღწია

საქსტატი: 2024 წელს საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1,970 ლარს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.5%-ით, 204.0 ლარით გაიზარდა და 1 970.8 ლარი შეადგინა.

როგორც საქსტატი წერს, მათ შორის, ქალების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 591.6 ლარით, ხოლო კაცების – 2 340.7 ლარით განისაზღვრა. მისივე ინფორმაციით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166.2 ლარი, 11.7 % შეადგინა, ხოლო კაცებში – 240.8 ლარი, 11.5%. აღსანისნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი ხელფასი კი შემდეგ დარგებში იყო: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 923.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.7%-ით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3 677.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 14.4%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 823.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.6%-ით).