ფოტო: milestone.inc
2025 წელს საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11.1%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა 99.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა და 2024 წელთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა.
ბიზნესსექტორის ბრუნვის 68.2% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8% – საშუალო, ხოლო 16.1% – მცირე ბიზნესზე. პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში განაწილება განსხვავებული იყო: მსხვილ ბიზნესზე 45.8%, საშუალოზე 26.2%, ხოლო მცირე ბიზნესზე 28% მოდიოდა.
2025 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 123.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 7.6%-იანი ზრდაა. გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების მოცულობამ 76.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 899 ათასი იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა. დასაქმებულთა 43.8% ქალი, ხოლო 56.2% მამაკაცი იყო.
დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 39.4% მსხვილ ბიზნესზე, 19.7% საშუალო, ხოლო 40.9% მცირე ბიზნესზე მოდიოდა. დაქირავებულთა რაოდენობამ 827.2 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.
ამასთან, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა და 2024 წელთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა.
2025 წელს ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2,198.4 ლარი იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 173.9 ლარით მეტია. ქალების საშუალო ხელფასმა 1,712.8 ლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 111.4 ლარით გაიზარდა.
საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი მსხვილ ბიზნესში 2,497.3 ლარი, საშუალო ზომის ბიზნესში 2,755.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში 1,507.4 ლარი იყო.
ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროს ეკავა – 35.5%. მას მოჰყვებოდა ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით, 33.6%-ით. დამამუშავებელი მრეწველობის წილი 7.7%, მშენებლობის – 6.1%, ხოლო ტრანსპორტისა და დასაწყობების – 4.6% იყო. დანარჩენ დარგებზე ბრუნვის 13% მოდიოდა.
პროდუქციის გამოშვების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დამამუშავებელ მრეწველობას ჰქონდა – 18.8%. მეორე ადგილზე იყო ვაჭრობა 18.5%-ით, შემდეგ მოდიოდა მშენებლობა – 18.1%, ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.3%, ხოლო ინფორმაცია და კომუნიკაციები – 7.6%. დანარჩენი დარგების წილმა ჯამურად 27.7% შეადგინა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი












